ნატოს ახლადდანიშნული გენერალური მდივანი, მარკ რუტე, კიევს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ალიანსის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ ომში ბლოკის გრძელვადიანი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ კიევში შეხვედრისას საჰაერო განგაშის სიგნალი ორჯერ ჩაირთო.
მარკ რუტე კიევს ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში ესტუმრა. ამ პოზიციაზე ერთ-ერთი პირველი განცხადებაც სწორედ უკრაინისთვის მხარდაჭერის ზრდას შეეხებოდა როდესაც აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა "სერიოზულად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინტერესების დაკმაყოფილება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე კიევის დახმარება".
მისი განცხადებითვე, "უკრაინის თავდაცვის უფლება საზღვართან არ მთავრდება”. მეტიც, მარკ რუტეს თქმით, “რუსეთი აწარმოებს ამ უკანონო ომს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული გამანადგურებლებისა და რაკეტების მიზანში იქამდე ამოღება, სანამ ისინი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, უკრაინას სიცოცხლეების გადარჩენაში დაეხმარება”.
მარკ რუტემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ "უკრაინა ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე." მისივე თქმით, უკვე გადაიდგა ნაბიჯები, რაც უკრაინის საბოლოო ნატოში გაწევრიანების გზას ხსნის, მათ შორის 40 მილიარდი ევროს ($44 მილიარდი) ფინანსური დახმარება, ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები და ნატოს ახალი სარდლობის შექმნა, რომელიც დახმარებასა და მომზადებას გააკონტროლებს.
ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე დაისვა შეკითხვა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა რა გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინის წარმატების გეგმაზე, რაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ "უკრაინა არ უნდა მიეცეს დავიწყებას. საუკეთესო გზა, რომ ეს არ მოხდეს, შესაბამისი იარაღის მიწოდება და ნებართვების გაცემაა". მან ასევე ხაზი გაუსვა ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების აუცილებლობას უკრაინის ცაზე სწორედ ისე, როგორც მათ ისრაელში იგერიებენ.
მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი და მარკ რუტე, გერმანიის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე ნატოს შეხვედრისთვის მზადებისას, "გამარჯვების გეგმასაც" განიხილავენ. როგორც დაანონსებულია, “ეს შეხვედრა გააერთიანებს 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის ლიდერებს, რათა შეათანხმონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი მექანიზმები”.
0 კომენტარი