ბრიუსელში ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივანი ოფიციალურად გახდა. მან ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი ჩაანაცვლა, რომელიც ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
გენერალური მდივნის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა "სერიოზულად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები", რათა ნატოს გამოწვევებს შესაბამისად უპასუხონ. "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინტერესების დაკმაყოფილება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე კიევის დახმარება," - აღნიშნა რუტემ.
რუტე თვეების განმავლობაში ნატოს ლიდერების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კამპანიას აწარმოებდა, რომელთა უმეტესობასაც 13 წლის განმავლობაში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის შედეგად იცნობდა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილებაც აქვს. განათლებით ისტორიკოსი რუტე, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერების სასურველ კანდიდატად თავიდანვე სახელდებოდა.
ერთ-ერთმა დიპლომატმა DW-ს უთხრა, რომ რუტე ევროკავშირში "ბატონი არას" სახელითაა ცნობილი, რადგან "მან უარყო რეფორმები, გეგმები და იდეები", რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა წარმოადგინა. როგორც ცნობილია, მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ასევე, იტალიის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან. ამ უკანასკნელთან ერთად, მან ერთობლივი ინიციატივი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის განაცხადების დამუშავება უნდა მოხდეს ევროკავშირის გარეთ, მესამე ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის მოსაპოვებლად რუტეს უფრო დიდი დრო დასჭირდა. როგორც ევროპულ ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რუტეს მოუწია ორბანისთვის პირობა მიეცა, რომ უნგრეთს უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ტერიტორიის გარეთ არ მოუწევს.
მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივანი ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში გახდა, როცა ბლოკის წევრი სახელმწიფოების ნაწილი აშშ-ის არჩევნების შესაძლო შედეგებზე ღელავს. თუმცა, მარკ რუტემ თანამდებობის გადაბარებისას განაცხადა, რომ ორივე კანდიდატს კარგად იცნობს და დონალდ ტრამპთან 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
0 კომენტარი