ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციის თანახმად, რომელიც სავალდებულო არ გახლავთ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა გამოხატეს მზადყოფნა შეთანხმებაზე, რომ პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებმა უფლება მისცენ უკრაინის სამხედრო ძალებს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ, შორი დისტანციის რაკეტები გამოიყენონ.
მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გააუქმონ შეზღუდვები უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ". რეზოლუციას 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 131 კი, მსგავსი დაშვების წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო 63-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდებს, გაზარდონ უკრაინის დაფინანსება, ასევე ჰუმანიტარული დახმარება და მეტი გააკეთონ ქვეყნის საზღვრებთან საჰაერო სივრცის დასაცავად.
"უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ", - განაცხადა რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ და დასძინა, რომ "ეს საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს".
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, ჯერჯერობით, უარს აცხადებს Taurus-ის სისტემის უკრაინაში გაგზავნაზე, საფრანგეთმა და იტალიამ უკვე დაიწყეს უკრაინისთვის სკალპის ტიპის რაკეტების მიწოდება. POLITICO წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რომ რუსეთის ტერიტორიაზე Storm Shadow რაკეტების გამოყენების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს.
0 კომენტარი