ბრიუსელი უნგრეთისგან 200 მილიონი ევროს გადახდასა და თავშესაფრის უფლებაზე დიდი ხნის შეზღუდვის მოხსნას ელის.
ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული 200-მილიონიანი ჯარიმის გადასახდელად დაწესებულ ვადას უკვე გადააცილა, რის შემდეგაც ბრიუსელმა ფინანსური ტრანზაქციის დედლაინად 17 სექტემბერი განსაზღვრა. თუ ბუდაპეშტი ჯარიმას ამჯერადაც არ გადაიხდის, ევროკომისია, რომელიც ვალდებულია წევრი ქვეყნების მიერ ECJ-ის გადაწყვეტილებების დაცვა უზრუნველყოს, ე.წ კომპენსირების პროცედურას დაიწყებს და 200 მილიონ ევროს ევროკავშირისგან უნგრეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებიდან ჩამოაჭრის. აღსანიშნავია, რომ უნგრეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი ისევ გაყინულია ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული მწვავე შეკითხვების გამო.
ივნისში გამოტანილ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა "ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და განსაკუთრებით სერიოზული დარღვევა" ჩაიდინა თავშესაფრის უფლების მოთხოვნაზე ხანგრძლივი შეზღუდვის გამო. სამართლებრივი დავა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც სასამართლომ პირველად განაცხადა, რომ უნგრეთს შეზღუდული წვდომა ჰქონდა თავშესაფრის პროცედურებზე მათთვის, ვინც საერთაშორისო დაცვას ეძებდა, რაც განაცხადების წარდგენას "ფაქტობრივად შეუძლებელს" ხდიდა. უნგრეთის ხელისუფლება მხილებულია თავშესაფრის მაძიებლების უკანონოდ, დიდი ხნით ე.წ. "ტრანზიტულ ზონებში" დაყოვნებასა და გასაჩივრების უფლების დარღვევაშიც. სასამართლომ მაშინ თქვა, რომ ეს "სისტემატური" პრაქტიკა ასევე მოიაზრებდა უნგრეთის პოლიციის თანამონაწილეობას, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ძალის გამოყენებით მიაცილებდა ისეთი ტერიტორიისკენ, სადაც ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა.
ბუდაპეშტმა ბრალდებები გააპროტესტა და ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის მასშტაბით მიგრაციული ზეწოლა, მსგავს მეთოდებს ამართლებდა, თუმცა ტრიბუნალმა ეს პუნქტი უარყო.
იმის გამო, რომ უნგრეთმა 2020 წლის განაჩენი უგულვებელჰყო, ევროკომისიამ ახალი სამართლებრივი მოქმედებები წამოიწყო და ივნისში მორიგი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ უნგრეთი "გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს უგულებელჰყოფს" და ევროკავშირის თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის გამოყენებას "თავს განზრახ არიდება".
"ეს ქცევა წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ევროკავშირის სამართლის ერთიანობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც კერძო, ასევე, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებელთა და საჯარო ინტერესებზე", - აცხადებენ მოსამართლეები.
უნგრეთს აღნიშნული ქმედებების გამო, სასამართლომ 200 მილიონი ევროს ჯარიმის ერთიანად გადახდა დააკისრა, რასაც ვიქტორ ორბანმა "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
"როგორც ჩანს, არალეგალური მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის, ვიდრე მათი ევროპელი მოქალაქეები", - თქვა მან.
კომისიამ ჯარიმის გადახდის პირველ ვადად 16 ივლისს გაგზავნა, რითაც უნგრეთს 45 კალენდარული დღე მისცა ფინანსური ტრანზაქციის განსახორციელებლად. ვადა გასულ პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჯარიმა ამ დრომდე გადაუხდელია. კომისიამ გადახდის მეორე მოთხოვნა ორშაბათს ისევ გაგზავნა და უნგრეთს საპასუხოდ დამატებით 15 კალენდარული დღე მისცა.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ასევე განიხილავს 1 მილიონი ევროს ყოველდღიურ ჯარიმას ECJ-ს გადაწყვეტილების იგნორირებისთვის. ბუდაპეშტმა 31 სექტემბრამდე უნდა განმარტოს, თუ რა სახის ზომები აქვს შემოღებული თავშესაფრის უფლების შეზღუდვის მოსახსნელად.
"ამ პასუხის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ან არ განვაგრძობთ ჯარიმის გადახდის მოთხოვნას დღიური 1 მილიონი ევროს ოდენობით", - დასძინა სპიკერმა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნგრეთი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს - ექსპერტები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ოფიციალურ ბუდაპეშტს საკითხის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის სურვილი აქვს. პრემიერ-მინისტრ ორბანის ოფისის ერთ-ერთი მინისტრი, გერგელი გულიასი ბრიუსელს დაემუქრა, რომ მიგრანტებით სავსე ავტობუსებს ევროპის დედაქალაქებში გაგზავნის.
"თუ ბრიუსელს სურს მიგრანტები, ისინი მათ მიიღებენ", - თქვა გულიასმა. "ჩვენ ყველას მივცემთ ცალმხრივ ბილეთს, თუ ევროკავშირი შეუძლებელს გახდის მიგრაციის საზღვრებზე შეჩერებას".
0 კომენტარი