უკრაინა სულ უფრო აქტიურად ითხოვს დასავლელი პარტნიორებისგან, რომ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენებით ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე ნებართვა მიიღოს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში თქვა, რომ ასეთ სამიზნეებად მოიაზრება აეროდრომები, რომლებიც ბომბდამშენების გასაშვებად გამოიყენება.
"პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო აეროდრომებზე, საიდანაც მოქმედებენ რუსული ბომბდამშენები, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაცია. თუ ჩვენ მოგვაწვდიან რაკეტების საკმარის რაოდენობას, თუ დარტყმის უფლებას მოგვცემენ, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რუსეთის შესაძლებლობებს ზიანი მიაყენოს ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და გავაუმჯობესებთ სიტუაციას ადგილზე ჩვენი ძალებისთვის", - აღნიშნა კულებამ და ევროკავშირს მოუწოდა, "ითამაშოს როლი და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია" უკრაინის მოთხოვნაზე და რუსეთმა აღმოსავლეთით წინ არ წაიწიოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და თქვა, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა მოუხსნას რუსეთის ტერიტორიაზე იმ იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღიდვები, რაც თავად დასავლეთმა მიაწოდა.
"უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა შეძლონ მიზანში ამოიღონ ადგილები, საიდანაც რუსეთი მათ ბომბავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა", - უთხრა ჯოზეფ ბორელმა მედიის წარმომადგენლებს. მან ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტუაზე და თქვა, რომ "რუსეთს სურს დაბომბოს ევროპული ქვეყანა სრულ კაპიტულაციამდე".
0 კომენტარი