ფრანგული მედიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში პაველ დუროვი, მილიარდერი და აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს. როგორც ფრანგული მედია TF1 TV და BFM TV-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, დუროვის კერძო თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან მოფრინავდა, ბურჟეს აეროპორტში კი, "ტელეგრამთან" დაკავშირებული დანაშაულებების გამო გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საფრანგეთის საბაჟო დეპარტამენტის თაღლითობის საწინააღმდეგო ეროვნული ოფისის გამომძიებლებმა დააკავეს, თუმცა ოფიციალური განცხადება, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა. გავრცელებული ინფომაციით, პაველ დუროვს ბრალი ედება, რომ მან ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად. მედიის დიდი ინტერესის მიუხედავად, კომენტარი არ გაუვრცელებია თავად "ტელეგრამის" ოფისსაც. TF1 იტყობინება, რომ საფრანგეთის ხელისუფლება დუროვის კრემლთამ შესაძლო კავშირებს ამოწმებს.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, Telegram-ი ორივე მხრიდან, ომის შესახებ გაუფილტრავი და ზოგჯერ შეცდომაში შემყვანი შინაარსის მთავარი წყარო გახდა. ონლაინ პლატფორმას, დაახლოებით, 900 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციაა.
"ტელეგრამი" დუბაიშია განთავსებული, მისმა დამფუძნებელმა პაველ დუროვმა კი, რუსეთი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც მის მიერ დაფუძნებულ პლატფორმა VK-ზე ოპოზიციური ჯგუფების დახურვის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მოგვიანებით, ეს კომპანია მან გაყიდა.
"ფორბსის" შეფასებით, პაველ დუროვი 15.5 მილიარდ დოლარს ფლობს.
0 კომენტარი