ევროპარლამენტში დღეს ევროკომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. 720-ადგილიანმა პარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით არჩევას უნდა მისცეს ხმა. კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა მომდევნო ხუთი წლის პროგრამა წარადგინა.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია ავტორიტარიზმის ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო ძალიან ძვირ საფასურს იხდის. ამიტომ, არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
იმისათვის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა კიდევ ერთი ვადით დამტკიცდეს, მას ევროპარლამენტარების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (მინიმუმ 361 ხმა) უნდა დაუჭიროს მხარი. თუ ასე არ მოხდა, 27-წევრიან პოლიტიკურ ბლოკს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.
0 კომენტარი