ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის პოლიტიკის მუდმივი ობსტრუქციით გაღიზიანებული ბრიუსელი უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმას განიხილავს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ უნგრეთის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალს, რომელიც მომავალ თვეში ბუდაპეშტშია დაგეგმილი და ნაცვლად ამისა, საკუთარი ღონისძიების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.
უნგრეთი, რომელიც ამჟამად ევრპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, სამიტს საკუთარ დედაქალაქში 28-29 აგვისტოს გეგმავს, რაც საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს ორბანისთვის ბლოკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოსთვის, დადგეს ყურადღების ცენტრში.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ორბანმა ობსტრუქცია მოუწყო უკრაინისთვის გასაგზავნ დახმარებას, შემდეგ კი დამოუკიდებლად, ევროკავშირის 26 სხვა წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შეხვდა, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი უნგრელი ლიდერის პროპაგანდისტული შოუ იქნება.
ამიტომ, როგორც სამი ევროპელი დიპლომატი „პოლიტიკოსთან“ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით საუბრობს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისარი ჯუზეპ ბორელი აპირებს, უნგრეთში დაგეგმილი სამიტის პარალელურად „ფორმლურ“ შეკრებაზე მიიწვიოს საგარეო საქმეთა მინისტრები.
ეს გეგმა არაფორმალურად უკვე განხილულ იქნა რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და გერმანიასთან. საბოლოო გადაწყვეტილებას ბორელის გუნდი ევროკავშირის 27 წარმომადგენელს ოთხშაბათს, 17 ივლისს წარუდგენს.
ევროკავშირსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე გაუარესდა. ვიქტორ ორბანის მეთაურობით ქვეყანას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით აშკარა უკუსვლა აქვს და, გარდა ამისა, ხელს უშლის ევროკავშირის ნორმალურ ფუნქციონირებას სხვადასხვა კანონებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვით.
0 კომენტარი