რუსეთის მთავრობა გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN შეერთებული შტატების დაზვერვაზე დაყრდნბობით იუწყება. როგორც ირკვევა, ხსენებული გერმანული კომპანია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებსა და სამხედრო მანქანებს აწარმოებს, მისი ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობა კი იყო ერთ-ერთი სერია მოსკოვის იმ დიდი გეგმისა, რომლის მიხედვით თავდაცვითი მრეწველობის უკრაინაზე მომუშავე ლიდერები მთელი ევროპის მასშტაბით უნდა გაენადგურებინათ. როგორც ამერიკულ დაზვერვაში აცხადებენ, პაპერგერზე მომზადებული შეთქმულება მათ შორის ყველაზე მომწიფებული და კარგად მომზადებული იყო.
როგორც CNN იუწყება, უკვე ექვს თვეზე მეტია, რაც რუსეთი ევროპაში დივერსიულ კამპანიას ახორციელებს და ამას ძირითადად თავისი მარიონეტების საშუალებით აკეთებს. კრემლი ადგილობრივ მოყვარულებს ყველაფრისთვის ქირაობს, დაწყებული უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული საწყობებისთვის ცეცხლის წაკიდებიდან, დამთავრებული წვრილმანი ვანდალიზმით, რისი საბოლოო მიზანიც დასავლეთიდან უკრაინაში მიმავალი იარაღის ნაკადის შეჩერება და კიევის მიმართ ევროპული საზოგადოების მხარდაჭერის შესუსტებაა.
თუმცა, პაპერგერის მკვლელობის მცდელობა ადასტურებს, რომ პუტინი მზად არის, გაცილებით შორს წავიდეს იმ პარარელურ ჩრდილოვან ომში, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზე აწარმოებს.
პაპერგერი ლოგიკური სამიზნე იყო: მისი კომპანია, სახელწოდებით „რაინმეტალი“, არის უდიდესი მნიშვნელობის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული გერმანული მწარმოებელი.
გარდა ამისა, უახლოეს კვირებში კომპანია ხსნის ჯავშანტექნიკის ქარხანას უკრაინის ტერიტორიაზე, რაც, ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი წყაროს თქმით, უაღრესად შემაშფოთებელია რუსეთისთვის.
„ჩვენ ვხედავთ დივერსიას, ჩვენ ვხედავთ შეთქმულებებს ადამიანების მოკვლის მიზნით, ჩვენ ვხედავთ ცეცხლის წაკიდებას საწყობებზე, ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რომლებსაც ადამიანთა სიცოცხლის ფასი აქვს“, - განუცხადა ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. - ”მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ფარული დივერსიული მოქმედებების კამპანიას, რომელსაც შესაძლოა სტრატეგიული ხასიათის შედეგები მოჰყვეს.”
გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ის რეპორტაჟთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ხუთშაბათს, 11 ივლისს, ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ „აგრესიულ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“.
„ჩვენ ვნახეთ თავდასხნა ქარხნებზე და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ევროპელებმა, უკეთ უნდა დავიცვათ თავი და ნაკლებად გულუბრყვილონი ვიყოთ“, - განაცხადა ბერბოკმა.
გარდა ამისა, CNN-ის წერილობით შეკითხვაზე გამოგზავნილ პასუხში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ გერმანიას რუსული მუქარები ვერ შეაშინებს და რომ გერმანიის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მოსკოვი ვერ შეარყევს.
კომენტარი „რაინმეტალის“ წარმომადგენელმაც გააკეთა. ოლივერ ჰოფმანმა განაცხადა, რომ კომპანია მუდმივად აწარმოებს კონსულტაციებს უშიშროების ორგანოებთან და შესაბამის ზომებს იღებს.
0 კომენტარი