საფრანგეთში გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, 33.2%-ით მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა მემარცხებე „ახალი სახალხო ფრონტი“ 28.1%-ით, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი 21%-ით მესამე ადგილს იკავებს.
„ჩემი მიზანია, ვიყო პრემიერმინისტრი ყველა ფრანგისთვის, თუ ფრანგები გადაწყვეტენ, მოგვცენ ხმა”, - განაცხადა მარინ ლე პენის პარტიის 28 წლის ლიდერმა ჟორდან ბარდელამ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთში ულტრამემარჯვენეებმა საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მოიგეს. ამიტომ, თავისთავად ეს ფაქტი უკვე ისტორიულია.
ახლა მარინ ლე პენს და ჟორდან ბარდელას სურთ აბსოლუტური უმრავლესობა 577-ადგილიან პარლამენტში, რაც 289 ადგილს შეადგენს. თუმცა, მომდევნო კვირას დანიშნული მეორე ტურის შედეგების პროგნოზების მიხედვით, ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.
რომელიმე პარტიის აბსოლუტური უმრავლესობის გარეშე კი საფრანგეთს ექნება შერეული პარლამენტი და „ეროვნული გაერთიანება“ ვერ შეძლებს განახორციელოს თავისი გეგმები იმიგრაციის, გადასახადების შემცირებისა და კანონისა და წესრიგის მიმართულებით.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რიგგარეშე არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დანიშნა. ამის აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა მაკრონის თქმით, ეს მისი მხრიდან ერთადერთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.
პრეზიდენტ მაკრონის მმართველი პარტიის სახელით გუშინ პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი საუბრობდა, თუმცა ელისეს სასახლის ლიდერმა წერილობითი ოფიციალური განცხადება მაინც გააკეთა და თქვა, რომ მეორე ტურისთვის საჭიროა „ფართო, მკაფიოდ დემოკრატიული და რესპუბლიკური ალიანსის შექმნა“.
რაც შეეხება პრემიერმინისტრ ატალს, მან ამომრჩევლებს პარიზის სასტუმრო მატინიონის წინ მიმართა.
„არც ერთი ხმა „ეროვნულ გაერთიანებას““, - განაცხადა მან. „აბსოლუტურად ნათელია, რა დევს სასწორზე - ულტრამემარჯვენებმა აბსოლუტური უმრავლესობა არ უნდა მიიღონ“.
მომდევნო კვირას, მეორე ტურში, გაიმართება დუელი ორ მხარეს შორის ან სამმხრივი რბოლა. ბოლო არჩევნებში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ასეთი იყო, თუმცა ამჯერად ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იმის მანიშნებელია, რომ 300-ზე მეტი მესამეადგილოსანი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას სამმხრივ ბრძოლებში.
მთავარი, რაც ახლა უნდა გადაწყდეს (ძირითადად ადგილობრივი საარჩევნო ოლქების დონეზე), ჩაეხსნება თუ არა მესამეადგილოსანი კანდიდატი რბოლას, რათა არ დაუშვას ულტრამემარჯვენეების გამარჯვება.
„ახალი სახალხო ფრონტის“ კოალიციაში შემავალი პარტია „ქედმოუხრელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელენშონი აცხადებს, რომ ყველგან, სადაც მისი პარტიის კანდიდატები მესამე ადგილზე არიან და მარინ ლე პენი ლიდერობს, ის ბრძოლას ჩაეხსნება.
0 კომენტარი