ევროკავშირის ექვსი ლიდერი, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბლოკის მთავარ თანამდებობებთან დაკავშირებით, შეთანხმდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და კაია კალასი უმაღლეს თანამდებობებს დაიკავებენ. ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტს კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნებს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერი კოშტა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე შარლ მიშელს შეცვლის, ხოლო ესტონეთის პრემიერი კალასი უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში უმაღლესი კომისარის თანამდებობაზე ჯუზეპ ბორელის ნაცვლად დაინიშნება.
მოლაპარაკებების ექვსი მონაწილეა საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ჰოლანდიის პრემიერმინისტრი მარკ რუტე.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც გამოცემა „პოლიტიკოს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი ალბათ უკმაყოფილო იქნება იმით, რომ ის კვლავ არ ჩართეს მოლაპარაკებებში. როგორც ირკვევა, მელონის დისკუსიებზე არყოფნა გამოწვეული იყო ლიბერალებისა და მემარცხენე-ცენტრისტული ჯგუფების ულტიმატუმით, რომლის მიხედვით, ისინი არ დაუჭერდნენ მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, თუ ის იტალიის ულტრამემარჯვენე ლიდერთან რაიმე სახის გარიგებას დადებდა.
თუმცა, როგორც იგივე წყარო იტყობინება, ევროკომისიაში იტალია ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას მიიღებს, რის სანაცვლოდაც მელონი შეთანხმებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერს.
კიდევ ერთი უკმაყოფილო მხარე უნგრეთია. პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ მედიაში გუშინ დაწერა, რომ შეთანხმება, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ მემარცხენეებთან და ლიბერალებთან დადო, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. „ერთიანობის ნაცვლად ეს თესავს გაყოფის თესლს. ევროკავშირის უმაღლესი ოფიციალური პირები უნდა წარმოადგენდნენ ყველა წევრ ქვეყანას და არა მხოლოდ მემარცხენეებსა და ლიბერალებს“, - წერს ორბანი.
შეთანხმებული კანდიდატურები ევროკავშირის ლიდერებს დასამტკიცებლად 27 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე წარედგინებათ.
0 კომენტარი