ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარკ რუტეს „ტრამპის მომთვინიერებელი“ შეარქვეს.
2018 წელი იდგა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბბინიდან ყველა გაიყვანა ლიდერების, ელჩებისა და პერსონალის რამდენიმე წარმომაგდენლის გარდა. ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე დონალდ ტრამპმა ჩაშალა დისკუსია საქართველოსა და უკრაინის შესახებ და გააფრთხილა ყველა, რომ აშშ საკუთარი გზით წავიდოდა, თუ სხვა ქვეყნები უფრო მეტს არ დახარჯავდნენ თავდაცვაზე.
სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა სცადეს, ტრამპისთვის აეხსნათ, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა ერთ ღამეში არ ხდება.
თუმცა, ნატ-ოს თავდაცვის პოლიტიკის ყოფილი დირექტორი ტიმო კოსტერი, რომელიც ოთახში იმყოფებოდა, ამბობს, რომ სიტუაცია ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ გადაარჩინა, რომელმაც დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უკვე ისედაც გაიზარდა და ამაში სწორედ ტრამპის დამსახურება იყო.
უნდა ითქვას, რომ ეს განცხადება სადაო იყო, რადგან ნატოს მოკავშირეების თავდაცვის ხარჯები ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის პერიოდიდან იზრდებოდა. თუმცა, რუტეს არგუმენტმა მიზანს მაინც მიაღწია. იმავე საღამოს, როდესაც ტრამპმა პრესის შეკითხვებს უპასუხა, მან აღნიშნა, რომ ეს იყო „საოცარი ორდღიანი პერიოდი ბრიუსელში", რომლის დროსაც მან „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწია.
ახლა რუტეს უნარები ისევ გაივლის გამოცდას. ნიდერლანდების პრემიერმინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ყველაზე რეალური კანდიდატად განიხილება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში იენს სტოლტენბერგი ტანამდებობას დატოვებს.
ამავდროულად, ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს თავისთვის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის უზრუნველსაყოფად, რაც მას ნოემბერში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამარცხების შანსს აძლევს, ეს პერსპექტივა კი ევროპელ ლიდერებს არ მოსწონთ, რადგან ტრამპი ცოტა ხნის წინ დაიმუქრა, რომ „წახალისებს“ რუსეთს, შეუტიოს ნატოს ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.
ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცესი იმდენად დახურულია, რომ რომის პაპის არჩევა მასთან შედარებით გამჭვირვალობის მაგალითად მოჩანს. თუმცა, ცნობილია, რომ ალიანსის წევრები ორი ძირითადი წესით ხელმძღვანელობენ: 1. გადაწუყვეტილება 31-მა წევრმა ერთსულოვნად უნდა მიიღოს და 2. საბოლოო ჯამში გადამწყვეტ როლს აშშ თამაშობს.
ბოლო კვირებში რამდენიმე სხვა სახელმაც გაიჟღერა, მათ შორის ესტონეთის პრემიერ კაია კალასის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ კრიშანის კარინშისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩათვლით (თუმცა, ამ უკანასკნელმა ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით დარჩენის სურვილი გამოთქვა). თუმცა, რუსე ჯერ-ჯერობით ყველაზე რეალური პრეტენდენტია.
მით უმეტეს, რომ, როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდების პრემიერმა უკვე უზრუნველყო საკუთარი კანდიდატურისთვის ნატოს წევრი ქვეყნების ორი მესამედის მხარდაჭერა და ჯო ბაიდენიც მათ შორისაა. მხარდაჭერა მის მიმართ ასევე გამოხატეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუტეს კანდიდატურას ყველაზე მეტად უნგრეთის პრემიერმინისტრი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა ვიქტორ ორბანი მას უკვე მხარს უჭერს და ამიტომ ნიდერლანდების პრემიერის გენმდივნად არჩევანს, როგორც ჩანს, წინ ვეღარაფერი დაუდგება.
0 კომენტარი