შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტი დასრულდა. ორდღიანი მუშაობის შემდეგ 80-მა სახელმწიფომ და ოთხმა ორგანიზაციამ დასკვნით კომუნიკეს მოაწერეს ხელი. გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და ჰუმანიტარულ, ბირთვულ და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. დოკუმენტს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, ტაილანდმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი არ მოაწერეს. თავი შეიკავა ჩინეთმა, ასევე სომხეთმა, ბრაზილიამ და ვატიკანმა, რომლებიც შვეიცარიაში დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. მსოფლიო ლიდერები კომუნიკეში განსაზღვრული პუნქტების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი, ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული აზრთა მიმოცვლა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებზე. კერძოდ, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას ძალის გამოყენების ან მუქარისგან თავშეკავების მიმართ, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის პრიცნიპების, დამოუკიდებლობისა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის უკრაინის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიულ წყლებში და ვადასტურებთ ვალდებულებას დავების მშვიდობანი გზებით მოგვარების მიმართ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.
საერთო ხედვა კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტებზე:
- ბირთვული ენერგიის გამოყენება და ბირთვული ობიექტები დაცული უნდა იყოს. უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურები და ობიექტები, მათ შორის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, უსაფრთხოდ და დაცულად უნდა ოპერირებდეს, უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ და საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრინციპებისა და ზედამხედველობის შესაბამისად. ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში, დაუშვებელია;
- გლობალური საკვების უსაფრთხოება დამოკიდებულია უწყვეტ წარმოებასა და საკვები პროდუქტების მიწოდებაზე. ამასთან დაკავშირებით, თავისუფალი, სრული და უსაფრთხო სავაჭრო სანაოსნო მიმოსვლა, ისევე როგორც შავი და აზოვის ზღვების პორტებზე წვდომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სავაჭრო გემებზე თავდასხმა პორტებში და მარშრუტის გასწვრივ, ისევე როგორც სამოქალაქო პორტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუშვებელია. საკვების უსაფრთხოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იარაღი. უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა მიეწოდებოდეს მესამე ქვეყნებს;
- ომის ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს გაცვლის გზით. ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი და უკრაინელი მშვიდობიანი პირი, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. მიგვაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევა მოითხოვს ყველა მხარის ჩართულობასა და დიალოგს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომავალში გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ზემოთ ხსენებულ სფეროებში, ყველა მხარის წარმომადგენლის შემდგომი ჩართულობით. გაერო-ს ქარტია, მათ შორის, ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის პრინციპების დაცვა, საფუძვლად დაედება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უკრაინაში“, – აღნიშნულია ერთობლივ კომუნიკეში.
ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ერთობლივ კომუნიკეს
ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბენინი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კაბო ვერდე, კანადა, ჩილე, კომორის კუნძულები, კოსტა-რიკა, კოტ დ'ივუარი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეკვადორი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, გამბია, საქართველო, გერმანია, განა, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, კენია, კოსოვო, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პერუ, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, კატარი, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, რუანდა, სან მარინო, სან-ტომე და პრინსიპე, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სომალი, ესპანეთი, სურინამი, შვედეთი, შვეიცარია, ტიმორ-ლესტე, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, ურუგვაი
0 კომენტარი