რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე ნატო მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფთან“ საუბარში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა მოწინააღმდეგეებს პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს.
„გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი მესიჯის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბირთვული ალიანსი ვართ. ნატოს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ სანამ ასეთი იარაღი არსებობს, ჩვენ ბირთვულ ალიანსად დავრჩებით, იმიტომ რომ მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი - არა, უფრო სახიფათო მსოფლიოა. მე არ შევალ დეტალებში იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მზადყოფნის რეჟიმში და რამდენი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე და ეს არის ზუსტად ის, რასაც ხლა ვაკეთებთ, “, - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი განსაკუთრებულად დიდ ინვესტიციებს დებს თანამედროვე შეიარაღებაში, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელიც 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაიზრდება.
0 კომენტარი