ევროკავშირი 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ ხუთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისევე, როგორც დეკემბერში, უკრაინის წევრობის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია: ბუდაპეშტი კიევის წინადადებას ეწინააღმდეგება და სხვა მიზეზებთან ერთად აცხადებს, რომ კიევს აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით.
თუმცა, უკრაინა ჩართულია ინტენსიურ ორმხრივ დისკუსიებში ბუდაპეშტთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც 11-პუნქტიან დოკუმენტშია ასახული. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბრის შემდეგ, კიევმა უკვე შესთავაზა ბუდაპეშტს ყველა პუნქტის გამოსასწორებელი გზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კიევს სურს აჩვენოს, რომ ყველაფერი გააკეთა უნგრეთის დასაკმაყოფილებლად.
რაც შეეხება მოლდოვას, ამ ქვეყანამ დღეს ბრიუსელში ხელი მოაწერა ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯუზეპ ბორელი წერს. ევროავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას და საშუალებას მისცემს ბრიუსელსა და კიშინიოვს, ერთობლივად გადაჭრან უსაფრთხოების გამოწვევები.
0 კომენტარი