ბრიუსელში სპეკულაციები არ წყდება იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ევროკავშირის აღმასრულებლის თანამდებობა.
ევროკომისიის მოქმედი თავმჯდომარე ჯერ კიდევ ლიდერობს და შესაძლოა მეორე ვადით დარჩეს თანამდებობაზე, თუმცა უპირობო ფავორიტობისგან ამჯერად საკმაოდ შორსაა. ეს კი ნიშნავს, რომ საკმაოდ საინტერესო მოვლენები განვითარდება და რამდენიმე ვერსიაც ისმის იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება დაამარცხოს ფონ დერ ლაიენი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან ზოგიერთი რეალური ალტერნატივაა, ზოგიერთი კი გამოიყენება ფონ დერ ლაიენზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა ის დათმობებზე წავიდეს.
მარიო დრაგი
რატომ?
76 წლის იტალიელი ფართო კოალიციას ხელმძღვანელობდა სამშობლოში, სანამ ის 2022 წელს არ დაიშალა და მის სახელს ხშირად ახსენებენ, როდესაც რომელიმე საერთაშორისო ლიდერის თანამდებობა თავისუფლდება. დღემდე იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრისა და ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის სახელი დაკავშირებული იყო ევროპული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასთან (როდესაც შარლ მიშელი წავა).
დრაგი უკვე დაბრუნდა ევროკავშირის პოლიტიკაში და მუშაობს ბრიუსელის ოფიციალურ გეგმაზე, როგორ გახდეს ბლოკი უფრო კონკურენტუნარიანი, რასაც ის ევროკავშირის არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს, როდესაც ევროპელ ლიდერებს შორის ბლოკის მთავარი თანამდებობებისთვის ბრძოლა დაიწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დრაგი საკმაოდ ახლოსაა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
რატომ არა?
იტალიელს არ აქვს მკაფიო პოლიტიკური კუთვნილება და რთული წარმოსადგენია, რომ ევროპის სახალხო პარტიამ კომისიის თავმჯდომარის მნიშვნელოვანი თანამდებობა მსგავს ადამიანს დაუთმს.
რობერტა მეცოლა
რატომ?
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპის სახალხო პარტიამ კომისიის ხელმძღვანელობა დათმოს, თუმცა, თუ ფონ დერ ლაიენი არ მიიღებს საჭირო მხარდაჭერას, შესაძლოა ზედაპირზე EPP-ის კიდევ წამყვანი ქალი კანდიდატი ამოვიდეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეცოლა მუდამ ახერხებდა პოლიტიკურ ბრძოლებზე მაღლა დადგომას და ეს ტაქტიკა მას ყოველთვის ეხმარებოდა ამჟამინდელი თანამდებობის შენარჩუნებაში.
ამავდროულად, მან გამოიჩინა ლიდერობა საგარეო პოლიტიკაში და იყო ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელიც ეწვია კიევს 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შემდეგ.
მალტელი მეცოლა შეიძლება სამხრეთ ევროპის გამარჯვებად იქცეს, როდესაც თანამდებობები გადანაწილდება. გასულ კვირას ინსტაგრამის პოსტში ის საბერძნეთისა და პოლონეთის პრემიერმინისტრებთან, კირიაკოს მიცოტაკისთან და დონალდ ტუსკთან ერთად გამოჩნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მაღალ ეშელონებში მას მხარდაჭერა არ აკლია.
Რატომ არა?
მალტა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაა, როგორც ზომით, ასევე მოსახლეობით, და არც მეწოლას აქვს აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არც მშობლიურ მალტაში.
კრისტინ ლაგარდი
რატომ?
იმიტომ, რომ ის ფრანგია. როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონს არ სურს, მხარი დაუჭიროს ფონ დერ ლაიენს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც აჩენს შეკითხვას: გერმანიის ხუთწლიანი მმართველობისა და კიდევ უფრო გრძელი პერიოდის შემდეგ, როდესაც გერმანელები ან ავსტრიელები იკავებენ კომისიის ხელმძღვანელოს საკვანძო პოსტს, სურს თუ არა მაკრონს, რომ ამჯერად კომისიას ფრანგი ლიდერობდეს? როგორც ფინანსთა ყოფილ მინისტრი და ევროპის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლაგარდი უმაღლეს აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებასაც მიიღებდა და მისი უპირატესობა ისიცაა, რომ ქალია.
რატომ არა?
იმიტომ, რომ ის ფრანგია (ასევე: საკმაოდ არაპოპულარულია თავის თანაგუნდელებს შორის).
არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ ლაგარდი მზად იქნება, დატოვოს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა, სანამ მისი რვაწლიანი ვადა დასრულდება და არც იმის გარანტიაა, რომ მაკრონი სერიოზულად განიხილავდეს მის წარდგენას. მას შემდეგ, რაც ლაგარდმა დატოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მისმა სახელმა გაიჟღერდა საფრანგეთის მთავრობაში მიმდინარე თითქმის ყველა ცვლილების დროს. გარდა ამისა, ყველაფერი იცვლება…
კლაუს იოჰანისი
რატომ?
რუმინეთის პრეზიდენტი ცნობილია, როგორც მტკიცე ხელის მქონე და არის ევროპელი ლიდერების ფავორიტი, განსაკუთრებით კონსერვატორთა შორის. მაკრონმაც და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს იმის გამო, რომ იოჰანისმა თავისი ქვეყანა პროდასავლურ და პროევროპულ ბანაკში დატოვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ - რასაც ვერ ვიტყვით უნგრეთზე, სლოვაკეთზე ან ბულგარეთზე. პოლონეთისგან განსხვავებით, რუმინეთი ასევე მკაცრად იცავდა ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წესებს და ცალმხრივად არ დააწესა შეზღუდვები უკრაინულ მარცვლეულზე, რამაც განამტკიცა იოჰანისის, როგორც პროევროპული გუნდის მოთამაშის რეპუტაცია.
ბევრი ირწმუნება, რომ დროა აღმოსავლეთ ევროპელმა უხელმძღვანელოს ევროკავშირს. თუ ასეა, გერმანულენოვან იოჰანისს საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რადგან წარმოშობით იმავე ევროპის სახალხო პარტიის ოჯახიდანაა, რომლის წევრიც ფონ დერ ლაიენია. EPP-ის გადაწყვეტილება, ჩაატაროს თავისი საარჩევნო ყრილობა ბუქარესტში, ასევე მოწმობს მის იოჰანისის პოპულარობაზე.
რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობაზე მისი მეორე ვადა დეკემბერში დასრულდება და იოჰანისი სასურველ საერთაშორისო თანამდებობას ეძებს. გასულ თვეში ის დათანხმდა ნატოს მომავალ ლიდერად კენჭისყრას, მაგრამ ეს რთული ბრძოლა იქნება, რადგან ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს დიდი მხარდაჭერა აქვს.
Რატომ არა?
იოჰანისის გადაწყვეტილება, რუტესგან პაექრობაში შესულიყო ნატოს ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში, დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა გააღიზიანა.
ანდრეი პლენკოვიჩი
რატომ?
ხორვატიის პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩიც EPP-ს წევრია და როგორც იოჰანისის შემთხვევაში, მისი დანიშვნაც უპასუხებს სულ უფრო მზარდ მოწოდებებს, რომ აღმოსავლეთ ევროპამ უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს. ხორვატის არჩევა კომისიის პრეზიდენტად ასევე პოზიტიურ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირის წევრობის მსურველებს (ხორვატია ევროკავშირის ყველაზე ახალი წევრია).
პლენკოვიჩის მოულოდნელმა განცხადებამ, რომ იგი სათავეში ჩაუდგება ხორვატიის მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა სიას, ეჭვს ბადებს, რომ მას შიდა პოლიტიკის მიტოვება სურს. 2016 წლიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისმა გამოცდილებამ, რა თქმა უნდა, მას ავტორიტეტი შესძინა და თანამოაზრე ევროპელ ლიდერებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა მისცა.
Რატომ არა?
პლენკოვიჩმა უარყო ჭორები, თოთქოს ფონ დერ ლაიენის შემცვლელად განიხილავს თავს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება კარგ მაჩვენებლადაც ჩაითვალოს, რომ იგი მართლაც დაინტერესებულია ამ თანამდებობით.
ტიერი ბრეტონი
რატომ?
ის ფრანგია. ბრეტონმა გასულ წელს განაცხადა, რომ 2019 წელს მისი კანდიდატურა ევროკომისრის თანამდებობაზე „სათადარიგო გეგმის“ ნაწილი იყო (მან ეს თანამდებობა მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველი არჩევანი, სილვი გულარდი, ბრძოლას გამოეთიშა). მან აშკარად მიანიშნა, რომ მზად არის კიდევ ერთხელ გახდეს „სათადარიგო გეგმა“, თუ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ჩავარდა. როგორც საფრანგეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ბრეტონს აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, კონსერვატორობისკენ იხრება. მისი გამოცდილება, როგორც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისა, რომელმაც სამრეწველო პოლიტიკა დააბრუნა კომისიის დღის წესრიგში, საშუალებას აძლევს მას, ევროკავშირის აღმასრულებელი თანამდებობისთვის იბრძოლოს, რადგან გაცილებით მეტად იქნება ორიენტირებული კონკურენტუნარიანობაზე.
ბრეტონმა ასევე გაითქვა სახელი, როგორც ფონ დერ ლაიენის ყველაზე ცნობილმა კრიტიკოსმა ბრიუსელში. როდესაც კომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი EPP-ის წამყვან კანდიდატად წარადგინეს, ტვიტერში ბრეტონმა დაწერა, რომ კომისიის ხელმძღვანელს სულაც არ აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა.
Რატომ არა?
ბრეტონს ალბათ უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე მეგობარი ევროკავშირის უმაღლეს წრეებში, მათ შორის კომისიაში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კი მის გამოცდილებას ეჭვქვეშ აყენებენ. მისმა თავხედურმა თვითრეკლამამ და სულსწრაფობამ ბევრი კომისარი გააღიზიანა და ასევე ბევრი პერსონალი და საჯარო მოხელე, ვისთან ერთადაც უნდა ემუშავა.
ფრანგულ გამოცემა „ატლანტიკოში“ გამოქვეყნებულ კლრიტიკულ (და ანონიმურ!) სტატიაში ბრეტონი აღწერილია, როგორც „ყველაზე ცუდი ფრანგი კომისარი ბოლო 30 წლის განმავლობაში“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ჰყავს კონკურენტები, რომლებიც მისთვის ძირის გამოთხრას შეეცდებიან. გარდა ამისა, ის არ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი.
სიურპრიზი
რატომ?
ევროკავშირის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის გაჭიანურებული ვაჭრობა ევროპის უმაღლეს თანამდებობებთან დაკავშირებით ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. ჯერ კიდევ 2019 წელს არავინ დადებდა ფსონს ფონ დერ ლაიენზე, რომ ის კომისიის თავმჯდომარე გახდებოდა; ასე რომ, ბრიუსელი შეიძლება გაკვირვებული დარჩეს კანდიდატით, რომლის შესახებაც აქამდე არასდროს სმენია.
Რატომ არა?
ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს (რომ ვიცოდეთ, ეს ხომ სიურპრიზი აღარ იქნებოდა?)
0 კომენტარი