ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
1. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს შემოთავაზებული „უცხოური აგენტების“ კანონი და დაუბრუნდეს დემოკრატიულ დღის წესრიგს; ხაზს ვუსვამთ, რომ საქმიანობის პოლიტიკური კონტროლის ან შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, ისევე როგორც კომისიის რეკომენდაციებს და რომ კანონპროექტის მიღება საზიანო იქნება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად;
2. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ტრადიციულად ძალიან აქტიურ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების, დემოკრატიზაციის ხელშეწყობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვაში, ქართველი ხალხის სურვილების შესაბამისად.
3. ჩვენთვის ცნობილია, რომ თითქმის ყველა უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფკავშირი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ამჟამად ფინანსდება საერთაშორისო გრანტების დახმარებით, ძირითადად ევროკავშირიდან და აშშ-დან და ამიტომ შემოთავაზებულ კანონპროექტს განვიხილავთ, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულ ქმედებას, შეზღუდოს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ჩართულობა საქართველოში, რითაც ქვეყანა უფრო ღია გახდება რუსული გავლენისთვის;
4. შეშფოთებულები ვართ ხელისუფლების მიერ საკამათო კანონპროექტის ხელახალი შემოტანის წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებით; შევახსენებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მის მიერ დადებულ პირობას, რომ უპირობოდ გაიტანდა კანონპროექტს მასობრივი პროტესტის წინა ტალღის შემდეგ და მოვუწოდებთ მას, რომ კიდევ ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს ამ კანონპროექტზე მუშაობა;
5. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს და ევროკავშირში გაწევრიანებას;
6. ვგმობთ საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაში, შეარყიოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსი რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის;
7. ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; ვიმეორებთ ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გაათავისუფლოს იგი ჰუმანიტარული ნიშნით და გაუშვას სათანადო სამედიცინო მკურნალობისთვის საზღვარგარეთ; მოვუწოდებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება ამ საკითხის მოსაგვარებლად;
8. მოვუწოდებთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში მომავალი არჩევნების წინ; ვთვლით, რომ გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები გადამწყვეტია მთელი საარჩევნო პროცესის ხარისხის ობიექტურად და მიუკერძოებლად შესაფასებლად;
9. ვავალებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობა და პარლამენტს.
0 კომენტარი