ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
"მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: "საქართველოში "გარე გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა".
0 კომენტარი