უნგრეთში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რისი მიზეზიც ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პიტერ მადიარის მიერ გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერი გახდა. მადიარმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები კორუფციაში არიან ჩართულნი, ათასობით ადამიანი გამოიყვანა ბუდაპეშტის ქუჩებში.
მიმდინარე წლის თებერვალში უნგრეთში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, შეეწყალებინა პედოფილიაში ბრალებული პატიმარი. ამის გამო, ორბანის ახლო მოკავშირეები, მათ შორის პრეზიდენტი და მაშინდელი იუსტიციის მინისტრი იუდიტ ვარგა, რომელიც პიტერ მადიარის ყოფილი მეუღლეა, იძულებულები გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ.
რამდენიმე დღის წინ კი, პიტერ მადიარმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა 2023 წლის იანვარში თავის ყოფილ მეუღლესთან გამართული საუბრის ჩანაწერი, რომელშიც იუდიტ ვარგა დეტალურად აღწერს ორბანის კაბინეტის უფროსის, ანტალ როგანის თანაშემწეების მცდელობას, ჩარეულიყვნენ პროკურატურის საქმეებში.
მადიარი აცხადებს, რომ ჩანაწერი უკვე გადასცა ბუდაპეშტის პროკურატურას, რათა მტკიცებულებად გამოიყენონ.
ეს მოვლენა კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პოპულისტურ მთავრობაზე, რომელსაც კრიტიკოსები დიდი ხანია ადანაშაულებენ სისტემურ კორუფციაში.
0 კომენტარი