გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ან უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს. მისი თქმით, როგორც გერმანიის კანცლერს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე. გაზეთ „მერკიშე ალგემაინე ცაიტუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შოლცმა ასევე განაცხადა, რომ არც ერთი სხვა ევროპული ქვეყანა არ ეხმარება უკრაინას იარაღითა და აღჭურვილობით ისე, როგორც გერმანია.
„უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ომის ესკალაცია არ მოხდეს, მით უმეტეს არ მოხდეს შეტაკება რუსეთსა და ნატოს შორის. ჩვენ არ გავაგზავნით ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინაში და იარაღის თითოეული პარტიის გაგზავნისას საფუძვლიანად ვაანალიზებთ რას ნიშნავს ეს მოცემულ კონტექსტში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ის, რაც გადავწყვიტე", - აცხადებს ოლაფ შოლცი.
გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ „ტაურუსის“ ტიპის რაკეთების სწორი და ეფექტური გამოყენება მოითხოვს გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვას, ეს კი არის ზუსტად ის ხაზი, რომლის გადაკვეთაც მას არ სურს.
0 კომენტარი