ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონს საერთო გზავნილით ესტუმრნენ - რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არამხოლოდ ევროპის, შეერთებული შტატების უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ლიეტუვისა და ესტონეთის პირველი დიპლომატები, National Press Club-ში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სასწორზე მსოფლიოსა და დემოკრატიული სამყაროს სანდოობის საკითხი დევს, რომელსაც დღეს სამი სახელმწიფო - რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
"ჩვენ სრულად უნდა გავიაზროთ და ასევე, უნდა დავაფასოთ, რომ უკრაინა დანებების რეჟიმში გადასვლას არ აპირებს და უკრაინელი ხალხი არც ჩვენგან მოელის, რომ დანებების განწყობაზე ვართ. ერთადერთი, რაც დღეს უკრაინას სჭირდება, მეტი საბრძოლო იარაღია, ბრძოლის ჟინი კი, მათ იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებამდე იბრძოლებენ. დღეს სასწორზე მსოფლიოსა და დასავლური სამყაროს სანდოობის საკითხი დევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო სისტემა შექმნა, რასაც დღეს ეჭვქვეშ აყენებენ ავტორიტარული რეჟიმები. ისინი მოუთმენლად ელიან, რა მოხდება უკრაინაში და მოუწევს თუ არა რუსეთს რეალური ფასის გადახდა მეზობელ ქვეყანაში სამხედრო აგრესიის დაწყების გამო. ამიტომაც, უკრაინის საკითხს დამატებითი მნიშვნელობა აქვს - თუ დიქტატორი დღეს გაიმარჯვებს, მისი მაგალითის გამოერებას სხვებიც შეეცდებიან, რადგან თუ დასავლეთი ერთ დესპოტს ვერ გაუმკლავდება, ეს იქნება გზავნილი სხვებისთვისაც, რომ დასავლური ღირებულებების დამარცხება მათთვისაც შესაძლებელია. ნათელია, რომ დღეს სამი ქვეყანა ერთად მოქმედებეს - რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ვხედავთ, რა როლი აქვს ირანს ახლო აღმოსავლეთში და მათ კავშირს "ჰუსიტებთან", "ჰეზბოლასა" და "ჰამასთან". ასევე, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდით უკვე ლამის იაპონიის თავზე იმუქრება. შემაშფოთებლად იზრდება კავშირი რუსეთსა და ჩინეთს შორის არამხოლოდ იარაღის, არამედ, ტექნოლოგიური მხარდაჭერის კუთხითაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო ინდუსტრიაში იყენებს. ჩინეთი კრემლს დასავლური სანქციების თავის არიდებაშიც ეხმარება. ასე რომ, მთელი ჩვენი ისტორია და მომავალია დღეს საფრთხის წინაშე. რეალურად, ჩვენ 25-ჯერ მეტი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, ვიდრე რუსეთს გააჩნია, ამიტომ დღეს რუსეთი კი არ გახლავთ გამოწვევა, არამედ ჩვენი პოლიტიკური ნება - კრემლს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს", - განაცხადა მედიასთან შეხვედრისას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრისას, საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორი წლის წინ, ვერავინ იფიქრებდა, რომ კრემლი ნატო-ს გამოწვევას შეეცდებოდა, თუმცა "ფაქტია, რომ დღეს მსგავსი განცხადებები სულ უფრო აქტიურად გვესმის".
"იმ ფონზე, როდესაც უკრაინა საბრძოლო იარაღის ნაკლებობას განიცდის, მართლაც სასწაულია, რომ ისინი რუსული სამხედრო ძალებისგან საკუთარი ტერიტორიების დაცვას ახერხებენ. უკრაინელებმა იციან როგორ უნდა იბრძოლონ, როგორ დაურპისირპიდნენ მტერს, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას ემუქრება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ შიშველი ხელებით ტანკებს დიდხანს ვერ შეაჩერებ. თუ რუს სამხედროებს მივცემთ შესაძლებლობას ეს ბრძოლა განაგრძონ, არაერთ ქვეყანას ემუქრება საფრთხე და პირველ რიგში, იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ნატო-ს მეხუთე მუხლი არ იცავს. ვგულისხმობ საქართველოს, სადაც რუსეთს უკვე აქვს ტერიტორიები ოკუპირებული და ასევე, მოლდოვას, სადაც ფაქტია, რომ რუსეთი საკუთარი ძალების მოკრებას ცდილობს. ვგულისხმობ, დნეპრისპირეთის რეგიონს. ამ ფონზე, დასავლეთის მიმართ ნდობის დაკარგვა, კიდევ უფრო მეტ სითამამეს მისცემს ჩინეთსაც - თუ რუსეთმა შეძლო უკრაინის აღება, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ იგივე სხვა ქვეყნებშიც?! გარდა ამისა, რუსებს აქვთ შესაძლებლობა ჰიბრიდული იარაღით შეუქმნან საფრთხე ბალტიის ქვეყნებსაც. ამიტომაც, ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალური პასუხის გაცემა - ისინი ჩვენ გამოწვევასა და გამოცდას ცდილობენ და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს პირდაპირი პასუხის გაცემა მოგვიწევს. იმისთვის, რომ ამ უკიდურეს ზომამდე მთელი მსოფლიო არ მივიდეს, უკრაინის დახმარება დღეს და ახლაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას დაანგრევს. ჩვენ უნდა გავიმარვჯვოთ და ამ შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი გეგმა "ბ", რადგან თუ გეგმა "ა" არ იმუშავებს, საერთოდ არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი გაჩერდება. ისინი გააგრძელებენ მანამ, სანამ ჩვენ ამის უფლებას მივცემთ. ორი წლის წინ, თუნდაც ერთი წლის წინ, ვერავინ დაიჯერებდა, რომ რუსეთი ნატო-ს გამოწვევას გაბედავდა, ახლა კი, ვხედავთ, როგორი გახდა მათი განცხადებები ნატო-ს მიმართ. ჩვენ გვჭირდება მოქმედება და გრძელვადიანი ხედვა, როგორ გავუმკლავდებით რუსეთს მომავალი წლების განმავლობაში", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელურ ლანდსბერგისმა.
რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საერთო მოქმედებებზე გაამახვილა ყურადღება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკუს ცაჰკნმა. ესტონელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად აუცილებელია რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაც.
"პუტინს უკრაინაში ჰქონდა ერთკვირიანი გეგმა, როგორც თავად ამბობს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. მან საკუთარი გეგმები ვერ გათვალა და უკვე მესამე წელია, ფართომასშტაბიანი ომის წინაშე ვართ, სადაც უკრაინა ისე იბრძვის, როგორც ჯოჯოხეთში. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ შეძლო შავ ზღვაში რუსეთის დამარცხება და ეს ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი გამარჯვება გახლდათ. დიახ, ნატო დღეს ძლიერი და ერთიანია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პუტინმა მისი ისტორიული ომი დაიწყო საბჭოთა კავშირის აღსადგენად. მან უკვე მოახერხა რუსეთში მენტალიტეტის შეცვლაც, ამიტომ ის აუცილებლად გააგრძელებს ომს სხვა ქვეყნებშიც და უკრაინაში არ გაჩერდება. იმ ფონზე კი, როდესაც ვიცით პუტინის გეგმების შესახებ და არამგონია, ამ შემთხვევაში ვინმეს შეკითხვა ჰქონდეს, რატომ ვაყენებთ ჩვენს მომავალი უდიდესი რისკის ქვეშ მაშინ, როდესაც შეგვიძლია, რომ ახლა დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაცვაში. ჩვენ გვაქვს რუსული გაყინული აქტივები, ასევე ოლიგარქების ქონება, მათ შორის, ესტონეთში, რომლებიც შეგვიძლია უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენოთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პუტინის აგრესიისთვის რუსეთმა მძიმე ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე აქტიურ განხილვას საჭიროებს", - განაცხადა ვაშინგტონში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკუს ცაჰკნმა.
0 კომენტარი