"შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რატიფიცირებისთვის, უნგრეთის პარლამენტი მზად საგაზაფხულო სესიისთვის იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიხსნება", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
„კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენი დავა შვედეთთან მალე გადაიჭრება", - დასძინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, პირადად მან და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტერსონმა, ორ ქვეყანას შორის "ნდობის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს", თუმცა პრემიერ ორბანს არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებებს გულისხმობდა.
ამჟამად, უნგრეთი ნატო-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე ხელი ჯერ არ მოუწერია. პროცესი კი, ყველა წევრი სახელმწიფოსგან ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფორმალურად მხარი დაუჭირა შვედეთის კანდიდატურას, თუმცა ოფიცილურად, რატიფიცირების პროცესი ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. არსებობდა მოლოდინი, რომ საპარლამენტო კენჭისყრა ფორმალობა უნდა ყოფილიყო, რადგან პრემიერ ორბანის მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტიის ლიდერებმა მოითხოვეს, შვედეთის პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო კენჭისყრამდე, ბუდაპეშტში ჩასულიყო, რაც პრემიერმა კრისტერსონმა თავიდანვე გამორიცხა და თქვა, რომ "ორბანთან შეხვედრისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც უნგრეთის პარლამენტი შვედეთს ოფიციალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს".
ნატო-ში შვედეთის გაწვერიანების საკითხზე რატიფიცირების პროცესის შეფერხების განსამარტად, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-მა არგუმენტად დაასახელა "შვედეთის უსაფუძვლო ბრალდებები იმის შესახებ, რომ პარტიამ უნგრეთში დემოკრატიის პრინციპები დაარღვია".
0 კომენტარი