ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულია რეგულაცია, რომელიც გზას უხსნის უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად კონფისკირებული რუსული აქტივებით მიღებული მოგების გამოყენებას. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც G7-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ემთხვევა, ადგენს საკანონმდებლო გზას, რომლითაც კონკრეტულ გარემოებებში ჩამორთმეული რუსული აქტივებით გამომუშავებული მოგება, საბოლოოდ, ევროკავშირის ბიუჯეტის მეშვეობით, უკრაინისკენ იქნება მიმართული.
საბჭომ გადაწყვიტა, რომ მათ, ვინც რუსეთის ცენტრალური ბანკში 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, გამომუშავებული მოგება ცალკე ფინანსებად უნდა გაატარონ. Euroclear-ის თანახმად, რომელიც ფლობს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების უმრავლესობას, შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 4 მილიარდ ევროს შეადგენს.
”ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის საბჭოს, რათა გადაწყვიტოს შესაძლო ფინანსური წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ბიუჯეტში, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და მის რეკონსტრუქციას შემდგომ ეტაპებზე”, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "უკრაინა მზადაა გააგრძელოს პარტნიორებთან მუშაობა საბოლოო მიზნის მისაღწევად: რუსული აქტივების ხელმისაწვდომობა უკრაინისთვის". აგრესორმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს", - განაცხადა მინისტრმა კულებამ.
რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, დაახლოებით, 200 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დეკემბერში პირობა დადო, რომ "რუსეთი გაყინული აქტივების კონფისკაციას უპასუხებს".
0 კომენტარი