გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშიგტონში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფოს პირველი პირები თანხმდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამერიკის დახმარება და რომ "უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთისგან თავის დაცვას შეერთებული შტატების დახმარების გარეშე".
ლიდერები თეთრ სახლში მაშინ შეხვდნენ, როდესაც თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და რესპუბლიკელებს შორის, წარმომადგენელთა პალატაში, 95,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების საკითხზე უთანხმოება გრძელდება დახმარების კანონპროექტი, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.
„მოდით, ნუ ვიკამათებთ: შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისთვის შეუცვლელია და მასზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა უკრაინა საკუთარი ქვეყნის დაცვას“, - თქვა გერმანიის კანცლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გასულ კვირას, ევროსაბჭოს რიგგარეშე სამიტზე, როდესაც ევროკავშირმა უკრაინისთვის დაფინანსების დამატებითი პაკეტი დაამტკიცა, გერმანიის კანცლერმა შეერთებული შტატების კონგრესს მოუწოდა, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასაცავად და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს. მისივე თქმით, კონგრესის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცება „სწორ გზავნილს გაუგზავნის რუსეთის პრეზიდენტს იმის შესახებ მისი იმედები ფუჭია და ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში მეგობრების მხარდაჭერა არ შემცირდება“.
შეკითხვაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისსა და რაფაში ისრაელის დაგეგმილი შეტევის შესახებ, გერმანიის ლიდერმა თქვა, რომ ისრაელის მთავრობას სამხედრო ოპერაციების დაბალანსებული განხორციელება სჭირდებოდა. "მე უკვე მკაფიოდ ვთქვი: ომის მიმდინარეობა უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ისრაელი საკუთარ თავს უყენებს, მაგრამ ასევე მოიცავს საერთაშორისო სამართლის დაცვას”, - განაცხადა კანცლერმა შოლცმა.
გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "სასაცილო ინტერვიუა".
"სიმართლე გითრათ, ის (პუტინი) მხოლოდ დასცინის რუსეთის რეალურ ქმედებებს უკრაინაში და მოგვითხრობს აბსოლუტურად აბსურდულ ისტორიას ამ ომის მიზეზებზე. მიზეზი კი, სრულიად ცხადია. უკრაინის ტერიტორიების ანექსია რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის სურვილია. ნებისმიერი ისტორია, რაც ამის შესახებ ითქვა, არ ცვლის ფაქტს, რომ ეს არის იმპერიალისტური ზრახვების ნაწილი", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
0 კომენტარი