ვიდრე სტამბოლი რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად დროსა და არენას უთმობს, ტირანა „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მეექვსე სამიტს მასპინძლობს. ალბანეთის დედაქალაქში ევროპის 47 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი კონტინენტის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების განსახილველად და გადაჭრის გზებზე სასაუბროდ იმყოფება.
"ჰიბრიდული თავდასხმები უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ გვყავს ბალტიისპირეთი. ნატოს მისია ბალტიისპირეთში ჩრდილოვანი ფლოტისთვის გვყავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, ვფიქრობ, ეს გვიჩვენებს, რომ ჩრდილოვანი ფლოტი დაკავშირებულია რუს სამხედროებთან. ყველაფერი უფრო და უფრო მეტად სერიოზული ხდება. ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდულ თავდასხმას ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში და მათთან შეთანხმებით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ განვიხილავთ ჰიბრიდულ სტრატეგიას, რადგან ვიცოდეთ, როგორ ვუპასუხოთ ამ თავდასხმებს", – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
სამიტის ფოკუსშია უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომი. ანკარიდან ტირანაში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის გეგმები და მარშრუტი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვლადიმერ პუტინი კიევთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე სტამბოლში არათუ თავად არ ჩავიდა, არამედ დიპლომატიური უწყების მინისტრიც კი არ მიავლინა.
სამიტზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას, მოწვევით.
უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე ევროპელ ლიდერს შორის საუბარი შედგა, თუმცა დიპლომატიურ დონეზე, ევროპასთან უპრეცედენტოდ გაუარესებული ურთიერთობებისა და გზავნილების ფონზე, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, უცნობია. საუბრის დეტალები საიდუმლოდ დატოვა ირაკლი კობახიძემაც, რომელიც ამბობს, რომ მასთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე პოლიტიკოსმა "თავად გამოთქვა".
"იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან…" – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კავკასიის რეგიონიდან სამიტს კიდევ ორი ქვეყნის ლიდერი ესწრება. აზერბაიჯანულმა და სომხურმა დელეგაციებმა პირისპირი შეხვედრები გამართეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ ანტონიუ კოშტასთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საუბარი სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის, ასევე დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხებს შეეხო. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა ერევანი მოსკოვის ორბიტას შორდება, ხოლო ბრიუსელთან უფრო მჭიდრო კავშირების განმტკიცებასა და ევრობლოკში გაწევრებისკენ ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.
რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად საუბრის საშუალება სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს არა მხოლოდ ევროპელ პოლიტიკოსებთან, არამედ პირისპირაც მიეცათ. მხარეები არ გამორიცხავენ, რომ ტირანაში შეხვედრამ, შესაძლოა, ბაქოსა და ერევანს შორის არსებული უთანხმოებები აღმოფხვრას.
ალბანეთის დედაქალაქში განიხილება 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. ევრობლოკში გაწევრების მსურველი რამდენიმეა, მათ შორის სამიტის მასპინძელი ქვეყანაც. თუმცა, გაწევრების გზაზე თანაბარი წარმატება არც ერთს არ აქვს. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ სრულფასოვანი წევრობისთვის ყველა სახელმწიფომ ერთი გზა უნდა გაიაროს, გზა, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოიცავს.
0 კომენტარი