რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე-ნაციონალისტმა კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. პირველი ტური 4 მაისს ჩატარდა და ამომრჩეველთა აქტივობამ 53.21% შეადგინა.
38 წლის პოლიტიკოსმა, რომელიც პარტიას „ალიანსი რუმინელთა კავშირისთვის“ წარმოადგენს, მეორე ადგილზე გასულ კანდიდატზე თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო.
ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ ჯორჯე სიმიონმა თითქმის 41% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის მერი, ნიკუროს დენი, რომელმაც ხმათა 21% მიიღო. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. გამარჯვებულმა კანდიდატმა ამომრჩეველს მიმართა.
„დღეს რუმინელმა ხალხმა ხმა მისცა, დღეს რუმინელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა და დროა ეს სათქმელი მოვისმინოთ. ყველა დაბრკოლების, მანიპულაციებისა და მედიის მიერ ჩვენი დაკნინების მცდელობის მიუხედავად, რუმინელები აღდგნენ“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა და მაშინ ჯორჯე სიმიონმა ხმათა მხოლოდ 13% მიიღო. არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
მოგვიანებით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ჩანდა, რომ კალინ ჯორჯესკუს საინფორმაციო კამპანიას რუსეთი აფინანსებდა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები გააუქმა, ხოლო კალინ ჯორჯესკუს ახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის აზრი გაიყო და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, ინფლაციასა და გაძვირებულ ცხოვრებას. ეს კი ნაციონალისტი პოლიტიკოსების მიმართ მხარდაჭერას აძლიერებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
0 კომენტარი