რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს ზომებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) გადახედვას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაყინვას. მან არ გამორცხა მომავალში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება „საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად".
კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი "ძალიან ფრთხილობს" საქართველოსთან მიმართებით მისაღებ ზომებთან დაკავშირებით. "შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას", – განაცხადა მან.
მარტა კოსმა სხვა ვარიანტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის დაასახელა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაყინვა. მსგავსი მიდგომა ევროკავშირის ამჟამად თურქეთთან აქვს.
მან ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ისეთ კანონებს იღებს, რომლებიც "აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს". თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ ვერ შეეგუება ევროკავშირის მიერ საქართველოს დაკარგვას.
სანქციებზე საუბრისას, მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა ერთსულოვნება ამ საკითხზე, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ცალკეულმა წევრმა სახელმწიფომ მაინც დაუწესა სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს მაღალი დონის ჩართულობა, კოსმა არ გამორიცხა მომავალში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ განიხილავს, თუ როგორ და როდის შეიძლება განხორციელდეს ასეთი ჩართულობა და რა პირობებში.
"ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი", – განაცხადა კოსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა ემსახურებოდეს მკაფიო მიზანს და უნდა იყოს აგებული საქართველოს "ევროპულ გზაზე დაბრუნების" მიზნის გარშემო.
კოსმა მიუთითა, რომ ნებისმიერი პოტენციური დიალოგი, სავარაუდოდ, დაბალი რანგიდან დაიწყება, მაგრამ "შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება".
წყარო: civil.ge
0 კომენტარი