ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "ქართული ოცნებისგან" "ყველა პოლიტიკური პატიმრის" გათავისუფლებასა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ინკლუზიური პროცესის დაწყებას მოითხოვს ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის.
რეზოლუციას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 3 იყო, ხუთ წევრს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
დამტკიცებული დოკუმენტის ტექსტში წერია, რომ გადაუდებელი რეკომენდაციები დღემდე არ შეასრულეს, ხოლო პოლიტიკური და დემოკრატიული მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა. ასამბლეა შეშფოთებულია პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რაც რეზოლუციის მხარდამჭერთა შეფასებით, კიდევ უფრო ძირს უთხრის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას.
"რეზოლუციაში 2585 (2025) ასამბლეამ განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი სფერო, რომლებშიც ის ელოდა შესამჩნევ და ხელშესახებ პროგრესს ქვეყანაში ვითარების შეფასებისას და 2025 წლის აპრილის სესიაზე ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების გადახედვისას. ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს, რომ ეს გადაუდებელი რეკომენდაციები დღემდე არ შესრულდა და ქვეყანაში ვითარებამ გაუარესება განაგრძო.
რაც შეეხება მის მოწოდებას ხელისუფლებისთვის: დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება; სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს.
ასამბლეა წუხს, რომ მსგავსი ნაბიჯები არ გადადგმულა. კერძოდ: ასამბლეა წუხს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებული ცვლილებების გამო, რამაც ვენეციის კომისიის აზრით, შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება; ხელი არ შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებასა და ძირი გამოუთხაროს თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს. ამ მოსაზრების შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და უზრუნველყოს, რომ საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია განხორციელდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით.
ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანიშნად საჭირო უმრავლესობას და აუქმებს დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციის კანონიერ მოთხოვნას, რაც კიდევ უფრო უთხრის ძირს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას.
ითვალისწინებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მიერ 2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ასკვნის, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებული მრავალი ხარვეზი და გამოწვევა ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში ჩატარებას და, ფაქტობრივად, ვითარების გამწვავების რისკს ქმნის.
ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შემდგომი შეფერხების გარეშე აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის", – წერია რეზოლუციის დოკუმენტში.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გრძელდება შურისძიება დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკის შესახებ ცნობების შემცირებას, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული.
10 აპრილის სხდომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილება არ მიუღია საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების არცნობის თაობაზე.
0 კომენტარი