ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ საქართველოში ადამიანს უფლებების დაცვის გაძლიერებას ითხოვს.
26 მარტს გამოქვეყნებულ ახალ მემორანდუმში, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო და მმართველ პარტიას კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს.
ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ მიიღოს ყველა საჭირო ზომა „დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და ფუნდამენტური უფლებები როგორიცაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.
კომისარი გასცემს რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, შეასრულოს ვალდებულება: პატივი სცეს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლება.
უზრუნველყოს, რომ საპროტესტო აქციების და სხვა საზოგადოებრივი შეკრებების მართვა მკაცრად იცავდეს კანონიერებით, საჭიროებით, პროპორციულობით, სიფრთხილითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ პრინციპებს;
ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოების ყველა პერსონალს მოეთხოვოს თვალსაჩინო და ინდივიდუალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ტარება;
უზრუნველყოს, ჟურნალისტებისთვის საპროტესტო აქციების და სხვა საზოგადოებრივი შეკრებების თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების შესაძლებლობა
კომისარი გასცემს რეკომენდაციას, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავების და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის სხვა შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად
დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო არის დაკავებული;
ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით;
– ვკითხულობთ მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმში.
კომისარი აგრეთვე შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შეზღუდვის გამოც და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.
ამასთან, კომისარი შეშფოთებულია, ლგბტქ+ თემის წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც. ო’ფლაერტი საქართველოს წლის დასაწყისში, 21-23 იანვარს, მასობრივი პროტესტების ჩახშობის ფონზე ეწვია.
0 კომენტარი