ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო და განიხილავს თანხების სხვა მიზნებით განკარგვის შესაძლებლობებს.

კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 8,5 მილიონ ევროს უკვე შეეცვალა დანიშნულება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება; ასევე, ამავე მიზნით გათვალისწინებულია დამატებით 7,5 მილიონი ევრო.

ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დაფინანსება, რაც "პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს ხელისუფლებას". ჩვენ განვიხილავთ ამ თანხების მიზნობრიობის შეცვლას", - განაცხადა მარტა კოსმა 14 იანვარს ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაზე.

"ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე გამოყოფილია 8,5 მლნ ევრო. ასევე მზად ვართ დამატებით 7,5 მლნ ევრო მივმართოთ კომუნიკაციების აქტივობებზე. უნდა გავაძლიეროთ რეაგირება "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე", - განაცხადა მან.

მისი განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარება არის "შეხსენება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ადვილი არ არის და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს - და ეს ხდება კიდეც".

"ვწუხვარ, რომ ხელისუფლება განაგრძობდა ევროკავშირის ინტეგრაციის საპირისპიროდ სვლას. ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ იყო ჩადებული კონსტიტუციურ ვალდებულებაში. ისინი ყოველღამე გამოდიან ქუჩაში, რადგან აშკარად სურთ ამის შენარჩუნება", - განაცხადა მარტა კოსმა.

მან "სრულიად მიუღებელი" უწოდა ხელისუფლების ქმედებებს მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ.

მარტა კოსმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს.

RFE/RL

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *