ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბრუსის თქმით, "ლიეტუვაში უკვე დაუწესდათ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში და ევროკავშირს მოუწოდებს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ".
"იმედი გვაქვს, შევთანხმდებით ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა იმ ფონზე, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ. როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, ვხედავთ ძალადობას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არის, ის რასაც ვერ უგულებელვყოფთ. ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხი არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ, ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოოთ. მესამე საკითხი არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ასევე ამ ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ჩვენ გვჭირდება ფინანსური პაკეტი ამისთვის, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ქუჩებში გამოსულ ქართველ ხალხს, რომ ევროპა არ გტოვებთ თქვენ, ევროპა თქვენთანაა და ევროპას თქვენ სჭირდებით", - აღნიშნა კიასტუსის ბუდრისმა.
მედიასთან საქართველოს საკითხზე კომენტარი გააკეთა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმაც. მისი თქმით, "საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია, რასაცა აქციის მონაწილეების მიმართ იჩენს".
"თუ ვამბობთ, რომ უნდა დავაწესოთ სანქციები არჩევნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქ იყო ასობით დამკვირვებელი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმის ნახვა, იყო თუ არ გაყალბება და არა ის, რომ უნდა დავსაჯოთ, რადგან არ მოგვწონს შედეგი. მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია, აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია. ეს არის ის, სადაც უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მაგრამ პარტიის დასჯა, რომელსაც კარგი შედეგი ჰქონდა ეს ჩემი აზროვნების სტილი არ არის. მაგრამ ამ საკითხზე უნდა გვქონდეს დახურულ კარს მიღმა საუბარი და 27 წევრს შორის თანხმობის მიღწევა იოლი არ არის", - უთხრა ქსავიე ბატელმა მედიას.
შვედეთის მსაგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდმა "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
"სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ ასეთ უხეშ ქმედებებზე", - აღნიშნა შვედეთის საგარეო მინისტრმა.
მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს საკითხზე ვრცლად ისაუბრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, "ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მომავალს, მაგრამ ეს არის ის, რასაც ხელისუფლება არ უჭერს მხარს - ეს არის დიდი განსხვავება ამ ორს შორის".
"გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ძირითადი უფლების დარღვევას, რასაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სხვა. საქართველოს ჩინოვნიკების გარკვეული რაოდენობა ეროვნულ სიაში შევიყვანეთ, ისინი ლატვიაში არასასურველი [ვიზიტორები] არიან. ჩვენ ამ საკითხს ევროკავშირის დონეზე განვიხილავთ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ გადაწყვეტილებებს ასევე ველოდებით დიპლომატიური პასპორტების მფლობელების მოგზაურობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბრაჟემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით კი, ის "არ აპირებს აღიაროს არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა".
"მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, დღეს შევძლებთ მივაღწიოთ იმ დონეს, რომ შევძლოთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების აკრძალვა, ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. მანამდეც განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა", - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მარგუს ცაჰკნამ.
აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალადობა დაგმო ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ.
"მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო. საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი: პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, მეორე, ძალიან ვწუხვარ და შეშფოთებული ვარ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიტოვების გამო. საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს, მესამე ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ ქართული პოლიტიკური კლასის ნაწილის პრეტენზიები მათ დემოკრატიაში და მათ არჩევნებში საგარეო ჩარევის შესახებ. ვფიქრობ, დეზინფორმაცია და არჩევნებში ჩარევა არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის", - განაცხადა ესპანელმა დიპლომატმა.
0 კომენტარი