უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას, "ქართული ოცნების" ლიდერებს სანქციები დაუწესდეთ, ვეტოს დაადებს.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება", თქვა მან 10 დეკემბერს, ბუდაპეშტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას მოჰყვა უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსის განცხადება პლატფორმა X-ზე.
"უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს. ბუდაპეშტში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის შესაძლო სანქციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის უფროსების მიმართ. მან ამ შემოთავაზებას უწოდა "უაზრო და გაუმართლებელი", ასევე ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს ოფიციალური პირების ნებისმიერი სანქციების სიაში დამატებას. თუ ასეთი წინადადება გაჩნდება, უნგრეთი დაბლოკავს მას - ეს გარკვეული საკითხია", - წერს უნგრეთის მთავრობის სპიკერი პლატფორმა X-ზე.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას საჭიროებს.
უკვე მე-13 დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნა და აქციაზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
28 ნოემბრიდან დღემდე, პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
0 კომენტარი