ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის მე-7 ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კომისიაში მიმდინარეობს განხილვები გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
"საქართველოსთან მიმართებაში, ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, განიხილება გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებასთან დაკავშირებით. კომისია მიიჩნევს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად და ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის შესრულების გაგრძელების მიზნით, ქვეყანამ უნდა გადადგას დამატებითი სასწრაფო ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ანგარიშში მოცემულია ევროკომისიის ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირმა ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ შეაჩეროს. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან საქართველოში 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.
ანგარიშში მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს:
1. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ბლოკის პოლიტიკასთან;
2. დოკუმენტთა, მათ შორის, ბიომეტრიულ დოკუმენტთა დაცულობა;
3. საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის გაცემის მართვა;
4. არალეგალური მიგრაციის ტენდენციის მონიტორინგი, განაცხადები საერთაშორისო დაცვაზე;
5. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
6. საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.
ანგარიშში შეფასებულია, თუ როგორ მუშაობს ქვეყანა აღნიშნულ საკითხებზე და რა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს მათ შესასრულებლად.
შენიშვნაა 1-ელ პუნქტში (სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს პოლიტიკასთან) - როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ მხრივ საქართველოს პროგრესი არ ჰქონია და მეტიც, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით საქართველოს სავიზო პოლიტიკა კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირის პოლიტიკას.
ევროკომისიას შენიშვნები აქვს მე-5 პუნქტთან დაკავშირებითაც. როგორც ანგარიშში წერია, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხზე 2023 წლის რიგით მე-6 დოკუმენტში გაცემული რეკომენდაციები ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დასახვის შესახებ საქართველომ არ შეასრულა.
ამასთან, არ შესრულებულა მე-6 ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციები აქტივთა აღდგენისა და მართვის ოფისების შექმნის შესახებ.
ამავე პუნქტთან მიმართებით, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ ვერ შეძლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების (ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ფუნქციები) სრულფასოვნად შესრულებაც მიუხედავად 2024 წლის მაისში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებისა.
რაც შეეხება მე-6 პუნქტს (საქართველოს საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები), აქ მრავლადაა ის დარღვევები წარმოდგენილი, რომლებიც ევროპულმა კომისიამ შეაფასა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი.
კერძოდ, აქ საუბარია საქართველოში 2024 წლის მაისში მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და 2024 წლის სექტემბერში მიღებულ კანონზე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
"ორივე ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ იქნა 2024 წლის მაისში, ვენეციის კომისიის დასკვნისა და ევროკავშირის განმეორებითი მოწოდების მიუხედავად კანონის გაუქმების შესახებ. კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის უფლებას და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
2024 წლის სექტემბერში კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და სხვადასხვა კანონებში შესატანი 18 ცვლილება მიღებულ იქნა წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 3 ოქტომბერს შევიდა ძალაში, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს და აძლიერებს სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. [აღნიშნული] საკანონმდებლო მოქმედებებისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის უწყვეტი გავრცელების შედეგად, საქართველოში LGBTIQ ადამიანები სულ უფრო მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს წინაშე დგანან". - აფასებს ევროპული კომისია კანონებს.
ამავე პუნქტში ნახსენებია, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, აღნიშნული კანონების მიღებაც გახდა საფუძველი იმისა, რომ ევროპულმა საბჭომ ამა წლის 17 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული განვითარების ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აქვე აღნიშნულია, რომ ევროპული კომისია ახლოდან დააკვირდება მოცემული კანონების აღსრულების პროცესს.
ანგარიშში მე-7 პუნქტი ეთმობა იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს აძლევს უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად.
7. რეკომენდაციები
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ა) უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
ბ) თავიდან არიდებულ და გაწვეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და უპირისპირდება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაწვეულ უნდა იქნეს კანონი 'უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და საკანონმდებლო პაკეტი 'ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ' და და შეიცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
გ) საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სიასთან მესამე ქვეყნებისა, კერძოდ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირს არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების წინაშე აყენებენ
დ) დაჩქარდეს მოქმედებები თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებისა და [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებში არალეგალური ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად, მაგალითად, საინფორმაციო კამპანიებით უვიზო რეჟიმის შესახებ შესაბამის მიგრაციის პროფილებთან და უფრო მკაცრი სასაზღვრო შემოწმებებით.
ე) მოეწყოს აქტივების აღდგენის და აქტივების მართვის ოფისები და გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების მიკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განადგურებისთვის.
ვ) მიღებულ იქნას ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და [ამავდროულად] უზრუნველყოფილ იყოს ადეკვატური რესურსები [აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის] განსახორციელებლად და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, წარმოებასა და განხილვას.
ზ) ცვლილება შეტანილ იქნეს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციები, კერძოდ, ისინი, რომლებიც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალობასა და ფუნქციებს.
თ) შესაბამისობაში მოვიდეს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ანალოგთან." - ვკითხულობთ ანგარიშში.
წყარო: ტაბულა
0 კომენტარი