ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ევროპელი ლიდერების თქმით, ირაკლი კობახოძის განცხადება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას ეწინააღმდეგება. 

"ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის მხრივ ნაბიჯების არ გადადგომასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკისგან და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. ვიხსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარება, რომელსაც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის მოჰქონდა სარგებელი, ახლა შეჩერებულია. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რომ კვლავ დაადასტუროს საკუთარი მისწრაფებები ევროკავშირში შესვლის შესახებ. ევროკავშირი ძლიერ გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საკუთარი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. ამ ქმედებებს საქართველოს მთავრობის მხრიდან აქვს პირდაპირი შედეგები ჩვენს ურთიერთობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ "საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისუფლად შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, და თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით". კაია კალასი და ამრტა კოსი ერთობლივ წერილში მოითხოვენ ყველა ძალადობის აქტის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.

"ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, მათ შორის, დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და განმავლობაში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი ელოდება OSCE/ODIHR-ის ბოლო ანგარიშსა და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპული ღირებულებებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ლიდერების ხელშია", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *