საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე "მრავალი დარღვევებისა და ამომრჩევლის დაშინებზე ცნობები შემაშფოთებელია".
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, როგორც ეს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნებშია გაწერილი. კერძოდ, ცნობები მრავალ დარღვევებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესში საზოგადოების ნდობაზე, დიდად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ყველა საჩივრისა და ცნობის სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და სიფრთხილით გამოვიკვლევთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ბოლო ანგარიშს, რომელსაც მოგვიანებით ველოდებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. დემოკრატიულ საზოგადოებებში თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები ფუნდამენტური უფლებებია და [ისინი] უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ინკლუზიურ დიალოგს, რათა ეს ამოცანა ხელში იყოს აღებული", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე მითითებულია, რომ დასავლეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდეც მიანიშნებდა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებზე, რაც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისგან აშორებდა. კერძოდ, საუბარია ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, რაც "ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება".
"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდებოდა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საჭიროებას დაჟინებით მოითხოვდა. სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე გეზს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდამჭერები", - ვკითხულობთ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
0 კომენტარი