მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, როდესაც 20 ოქტომბრის გადამწყვეტი რეფერენდუმის შედეგები ცნო და ის ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ასახა. 

"მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს," - წერს სანდუ X-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვისა და რუსეთის მხრიდან წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევის უპრეცედენტო შემთხვევები გამოვლინდა, რეფერენდუმში მონაწილეთა 50,35%-მა მხარი ქვეყნის პროდასავლურ კურსს დაუჭირა. მათ შორის, გადამწყვეტი კი, საზღვარგარეთ მცხოვრებთა ხმები აღმოჩნდა. 

მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, 3 ნოემბერს, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც მაია სანდუს ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოღლი უპირისპირდება, რომელიც ღიად პრორუსულ პარტია ხელმძღვანელობს.

მოლდოვამ, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა დაჩქარებული წესით 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კი, ოფიციალურად ივნისში გახსნა.

ამ ეტაპზე, საქართველოსთვის იგივე პროცესი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნაბიჯების გამო შეჩერებულია.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *