რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო ავრცელებს განცხადებას, რომ "შეერთებული შტატები საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად ემზადება". ამისთვის კი, მათივე მტკიცებით, "ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს".

"მათ ევალებათ აუცილებელი ფაქტების იდენტიფიცირება და დაფიქსირება", - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ "თბილისის მეიდანზე იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა. მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობისთვის".

"ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ მუშაობენ დაუნდობელი პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის ვარიანტებზე ხელისუფლების მხრიდან "მოქალაქეების" წინააღმდეგ ძალის "გადამეტებული" გამოყენებისთვის. მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებში შეუძლია მოსახლეობის ნდობის დამაჯერებელი კრედიტის მოპოვება, ვინაიდან ქართული ოპოზიციური ძალები, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, დანაწევრებული რჩებიან და მათ მიერ შექმნილი კოალიციები ძალიან მყიფეა. ეს, როგორც შეერთებულ შტატებში შიშობენ, მმართველ პარტიას გაუხსნის ხელებს, განაგრძოს სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თეთრი სახლი მსგავს სცენარს მიუღებლად მიიჩნევს. ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ "ქართული ოცნების" საარჩევნო პოზიციები", - ამბობს რუსული მხარე. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *