თურქეთის პარლამენტმა, 20-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვედეთის ნატო-ში მიღების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. ახლა უკვე საბოლოო დოკუმენტს ხელს, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოაწერს. თურქეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ კენჭისყრაზე, შვედეთის ალიანსში გაერთიანებას მხარი, 287-მა წევრმა დაუჭირა, 55 კი, წინააღმდეგი აღმოჩნდა. „დღეს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნატოს სრულუფლებიან წევრობას“, - წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი სოციალურ ქსელ X-ზე. 

ნატო-ს 32-ე წევრად შვედეთის გაერთიანებაზე ფინალური ხმა, ახლა უკვე უნგრეთს ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, შვედ კოლეგას თხოვნით მიმართა, მოლაპარაკების გასამართად ბუდაპეშტს ეწვიოს, თუმცა შეთავაზებაზე სწრაფი უარი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ტობიას ბილსტრომისგან, მალევე მიიღო. 

უნგრეთის ოფიციალურმა პირებმა, შვედ კოლეგებს არაერთხელ დაუდასტურეს, რომ ბუდაპეშტი შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს არ შეაფერხებს. ამიტომაც, დასავლელი დიპლომატებისა და ოფიციალური პირების მთელი ყურადღება, თურქეთთან მოლაპარაკების წარმოებისკენ იყო მიმართული. თურქეთის გადაწყვეტილების შემდეგ კი, დასავლური მედია სულ უფრო აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ბუდაპეშტმა, პოლიტიკური ვაჭრობის ახალი სერია წამოიწყოს, მითუმეტეს, რომ პრემიერი ორბანი უკმაყოფილოა შვედეთის პოზიციით, რომელიც უნგრეთში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. თანაც, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირის მიერ დაბლოკილ ფინანსებზე წვდომის აღდგენას, ყველა შესაძლო მეთოდით, ისევ აქტიურად ცდილობს. 

თურქეთის შემდეგ, ამჯერად უნგრეთის მხრიდან პროცესის გაჭიანურების შესაძლო სცენარი, რეალურ შეშფოთებას იწვევს იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ძლიერი სამხედრო და ბალტიის ზღვაზე არსებული სტრატეგიული პოზიციის გამო, შვედეთის ნატო-ში ხილვა რაც შეიძლება სწრაფად სურთ.  

„ეს გააძლიერებს მთელ ალიანსს და რეგიონულ უსაფრთხოებას. იმედი მაქვს, უნგრეთიც გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და ნატო-ში 32-ე წევრს სწრაფად ვიხილავთ“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა. განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმაც გაავრცელა და თქვა, რომ "ბუდაპეშტში პროცესის სწრაფად დასრულების იმედი აქვს". 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *