პაპი ფრანცისკე, კათოლიკური ეკლესიის პირველი ლათინოამერიკელი პონტიფიკი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს კარდინალი კევინ ფარელი.
„ის გვასწავლიდა ცხოვრებას სახარების მიხედვით, რწმენით, გამბედაობით, საყოველთაო სიყვარულით, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც ყველაზე უფრო მარგინალიზებულია. ის იყო უფალი იესოს სამაგალითო მოწაფე, დალოცოს ღმერთმა პაპი ფრანცისკეს სული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე წლის დასაწყისში გაუარესდა. თებერვალში მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც რამდენიმე კვირა ჰოსპიტალში გაატარა, თუმცა ამის შემდეგ ვატიკანში დაბრუნდა და მოვალეობების შესრულებას შეუდგა.
პაპი ფრანცისკე ბოლოს 20 აპრილს იხილეს, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით მიმართა საზოგადოებას. ის რომის ეკლესიის წინამძღოლი 2013 წლიდან იყო.
რომის პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ბუენოს–აირესიდან რომამდე პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას სიხარული და იმედი მოეტანა მოსახლეობისთვის“, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პლატფორმა X-ზე იტალიურად.
რომის პაპის გარდაცვალების გამო დამწუხრებულია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
პაპის გარდაცვალებასთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და დეტალურად გაწერილი რიტუალი იწყება. პაპის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ მის სხეულს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ასვენებენ. ბაზილიკაში წმინდანთა ლიტანიას გალობენ. პროცესიის სათავეში კამერლენგო დგას.
პაპის კონკლავი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება. ეს დახურული კრებაა, რომელზეც კარდინალთა კოლეგია კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს ირჩევს.
0 კომენტარი