ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ ნატო-მ უკრაინა ვაშინგტონის სამიტზე უნდა მიიწვიოს, რადგან შესაძლოა, ეს გახდეს "ინსტრუმენტი" ომის დასასრულებლად. 

„ვიცი, რომ საკამათოა და ყოველ შემთხვევაში, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება, ნატო-ში ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოწვევა. ვიცი, რომ ეს გამოყენებული იქნება, როგორც კონტრარგუმენტი მათთვის, ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი მსგავსი გადაწყვეტილების გახმოვანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკიდურესად საშიში არგუმენტია, რადგან ის პუტინს სტიმულს აძლევს, მის მიერ წარმოებული ომი განაგრძოს და ამ გზით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავიდან აიცილოს. ეს დე ფაქტო პუტინს ვეტოს გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც ცხადია, მიუღებელია“, - აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ არსებული ვითარება „უკიდურესად საშიში გზავნილია დანარჩენი მსოფლიოსთვისაც“, მაგალითად, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით.

„როგორ შეგვიძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შეთავაზება ომის დასასრულებელ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ და ამ გადაწყვეტილებამ პუტინს ომის შეჩერების სტიმული მისცეს? ეს არის ის, რასაც საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი განიხილავს", - დასძინა მან. მისივე თქმით, „შეცდომა იყო, რომ 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაპირების შემდეგ, არაფერი გაკეთებულა, თუმცა ორივე ქვეყანა, ერთ დღეს, ნატო-ს წევრები გახდებიან".

ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კიევში ყოფნისას, პრეზიდენტ ზელენსკისთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრიი იერმაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდონ უკრაინას მისთვის აუცილებელი საბრძოლო იარაღი. 

„დადგა დრო, მოიხსნას ძველი, თვითდაწესებული შეზღუდვები იარაღის მიწოდებაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს უკრაინას ყველა ის საბრძოლო მასალა, რაც მას ამ ომში სჭირდება. ეს გულისხმობს შორი მანძილის რაკეტებს, მძიმე საბრძოლო ტანკებსა და ელექტრონული ომის სისტემებს, ასევე, დრონებს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა.   

უკრაინამ, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მიმართვა, ოფიციალურად, 2022 წლის სექტემბერში გაავრცელა. ალიანსის მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 28 იანვარს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს "გარკვეულ ეტაპზე" შეუერთდება, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *