უკრაინის ჯარები იძულებულნი გახდნენ, აღმოსავლეთის სამი სოფლიდან ტაქტიკური უკანდახევა განეხორციელებინათ. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი საუბრობს. მისი თქმით, ბრძოლის ველზე მდგომარეობა გაუარესებულია, რადგან უკრაინული ძალები ჯერ კიდევ ელოდებიან აშშ-ის დახმარების პაკეტიდან საჭირო იარაღს, რომელიც საბრძოლო ზონებამდე ჯერ არ მისულა. გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი იტყობინება, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას „მთელ ფრონტის ხაზზე“, სადაც ბრძოლები მძვინვარებს ავდიივკის დასავლეთით.

ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ პროგნოზით, რუსულ ძალებს „ექნებათ მნიშვნელოვანი ტაქტიკური წინსვლები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში“, რადგან საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტი კვლავ აფერხებს უკრაინის თავდაცვით ძალისხმევას.

თავის უახლეს ოპერატიულ შეფასებაში „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ მოსკოვის ძალებს აქვთ შესაძლებლობა, წინ წავიდნენ ავდიივკის გარშემო და ასევე დაემუქრონ ახლომდებარე დასახლება ჩასივ იარს, რომლის აღება რუსეთს საშუალებას მისცემს, შეუტიოს სხვა საკვანძო ქალაქებს უკრაინის აღმოსავლეთში.

თუმცა, ამავე დროს, ანალიტიკური ცენტრი მიიჩნევს, რომ „უახლოეს პერსპექტივაში“ მოსკოვის არც ერთი ეს ძალისხმევა კიევის თავდაცვითი ხაზების ჩამოშლას არ გამოიწვევს.

უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აშშ-ის კონგრესმა გასულ კვირას დაამტკიცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი კანონს ხელი მეორე დღესვე მოაწერა. ოთხშაბათს, 24 აპრილს, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყებოდა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *