ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა "აღიარება, რომ მათ ნავალნი ციხეში მოკლეს". ოპოზიციონერი ლიდერის რუსეთის კოლონიაში გარდაცვალების ფაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. 

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: "ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა". 

იენს სტოლტენბერგი:"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ შეკითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ". 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: "მისი სიკვდილი რუსეთის ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას. რუსეთს ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. მის სიკვდილზე პასუხისმგებელია რუსეთი და შეერთებულ შტატებს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სხვა ქვეყნებთან ამ ვითარების შესახებ". 

კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „მათ რა ისტორიაც არ უნდა მოგვიყვნენ, მოდით ვიყოთ სრულიად ცხადები, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ამ ინფორმაციას ამოწმებს, თუმცა თუ ის სიმართლეა, ეს იქნება პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი". 

რიში სუნაკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: "საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე მტკიცე დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუს ხალხთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა."

ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი: "ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის ფასი საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა. „ეს საშინელი ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი რეჟიმია მოსკოვში." 

ედგარს რინკევიჩი, ლატვიის პრეზიდენტი: „როგორც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნის, როგორც პოლიტიკოსის შესახებ, ის უბრალოდ სასტიკად მოკლა კრემლმა“.

დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: "ალექსეი, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ მათ“. 

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: "მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობა თაობებს გადაეცემა. შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრიზის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო. რუსეთმა მას წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ არა ღირსება. მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება. ფიქრებით მის ცოლსა და შვილებთან ვართ".

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ამბით. პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე უფრო მეტად არაფრის ეშინია. საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ბრძოლისას, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლას". 
 
ჟოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: "ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია. შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. 
მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყოთ: ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია". 
 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *