შეერთებული შტატების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული საარჩევნო მარათონი, ოფიციალურად, 4 ნოემბერს დასრულდა და ამ წუთებში, ამერიკელი ამომრჩეველი, მომავალი ოთხი წლით არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის აკეთებს, რომელთაგან ერთს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად მხოლოდ სამი თვე ჰქონდა, მეორე კი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ფილადელფიაში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსით ბოლოჯერ ასე მიმართა: "ამ არჩევნების შედეგს შენ გადაწყვეტ, პენსილვანია". რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კი, საარჩევნო კამპანია პიტსბურგში, მიჩიგანის შტატში დაასრულა. თითქმის ორსაათიანი გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ემიგრაციისა და დემოკრატების მმართველობის პრობლემებზე.
რას შეცვლის 5 ნოემბრის არჩევნების შედეგები მსოფლიოსთვის
დაახლოებით, 160 მილიონი ამომრჩევლიდან, თითქმის ნახევარმა, 78 მილიონმა ამერიკელმა, ხმა არჩევნების ოფიციალურ დღემდე, წინასწარ მისცა. ბუნებრივია, 5 ნოემბერის არჩევნების მიმართ საერთაშორისო ყურადღებაც განსაკუთრებით მაღალია. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მსოფლიოში არსებული გამოწვევების ბედიც - უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიით დაწყებული, გლობალური სავაჭრო სისტემით დამთავრებული. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპმა "პირობა დადო", რომ უკრაინაში ორწლიან ომს "ერთ დღეში დაასრულებს". ამასთან, ისმის მთელი რიგი შეკითხვები, კერძოდ, როგორ გაგრძელდება შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, როგორი იქნება ვაშინგტონის ურთიერთობა ჩინეთთან და ასევე, ევროპასთან და გამარჯვების შემთხვევაში, მართლაც გაატარებს თუ არა დონალდ ტრამპი იმ მკაცრ სატარიფო პოლიტიკას, რა პირობითაც მან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა?! ეს ის საკითხებია, რაც მსოფლიო ყურადღებას ამერიკის არჩევნების მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები, მათ შორის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ "ხმის მიცემისას დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების სამართლიანობას ძირს უთხრის". ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებებით, ისინი "ნიადაგს ამზადებენ მორიგი შესაძლო აჯანყებისთვის, თუ ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები მათ მოლოდინებს არ დაემთხვევა". სწორედ ამიტომ, ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
როდის გამოცხადდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი?
პირველი საარჩევნო უბნები სამშაბათს საღამოს, ვაშინგტონის დროით, 18:00 საათზე დაიხურება, ბოლო კი, ოთხშაბათს დილით. შესაბამისად, რამდენიმე შტატში გამარჯვებული კანდიდატი გვიან ღამით, ნაწილში კი, მეორე დილით გამოცხადდება, თუმცა რამდენიმე შტატში კანდიდატების ახლო მაჩვენებლები შესაძლოა იმის მომასწავებელიც გახდეს, რომ გამარჯვებულის დასახელებას მეტი დრო, ან ხმების გადათვლა დასჭირდეს. მაგალითად, პენსილვანიის საკვანძო შტატში, ხმების გადათვლა იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის მხოლოდ ნახევარპროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეს ზღვარი 1,1%-ზე ოდნავ მეტი იყო.
შესაძლოა, საბოლოო შედეგების დაგვიანებით გამოცხადების მიზეზი საჩივრების რაოდენობაც გახდეს. კერძოდ, უკვე ცნობილია, რომ არჩევნების დღემდე, 100-ზე მეტი წინასაარჩევნო სარჩელი, ძირითადად რესპუბლიკელების ავტორობით მომზადდა. ისინი ამომრჩეველთა უფლებამოსილების გადამეტებასა და სიის მართვის პრობლემებზე მიანიშნებენ. მეორე მხრივ, შესაძლოა, ხმები უფრო სწრაფად დაითვალონ რამდენიმე შტატში, მათ შორის, მიჩიგანში, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად სახელდება. ბოლო არჩევნებისგან განსხვავებით, მიჩიგანში ფოსტით ხმა იმაზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, ხმები უფრო სწრაფად დაითვლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც წესი, ჯერ არჩევნების დღეს მიცემული ხმები ითვლება, მოგვიანებით კი, წინასწარ, ფოსტით გაგზავნილი ხმები, ბოლოს კი საზღვარგარეთისა და სამხედრო ბიულეტენები.
ე.წ. მერყევ შტატებად სახელდება ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინას, პენსილვანიის, მიჩიგანის, ვისკონსინის, არიზონასა და ნევადის შტატები.
0 კომენტარი