თეირანი აცხადებს, რომ მეოთხე ბირთვულ კვლევით რეაქტორს ცენტრალურ ქალაქ ისპაჰანში აშენებს. „რეაქტორის საძირკვლისთვის ბეტონის ჩასხმის პროცესი ისპაჰანში უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ისლამიმ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-სთან საუბრისას. მისივე ინფორმაციით, ახალი ატომური ელექტროსადგურის კომპლექსის ყოველდღიური წარმოების სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება და მისი მშენებლობა 2031 წლისთვის დასრულდება.
ირანული მედია, ახალ რეაქტორს "კვლევითს" უწოდებს და ამბობს, რომ მას სხვადასხვა შესაძლებლობები ექნება, მათ შორის, საწვავისა და ბირთვული მასალების, სამრეწველო რადიოიზოტოპებისა და რადიოფარმაცევტული საშუალებების წარმოების მიმართულებით. ისპაჰანის ბირთვული კვლევის ცენტრში უკვე სამი რეაქტორი ფუნქციონირებს.
ირანის მორიგი ბირთვული პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწვავედ გააკრიტიკეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეირანის უარყოფის მიუხედავად, პროგრამების გაფართოება, საბოლოოდ ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის იანვარში, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ბირთვული დამკვირვებლის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ირანი სააგენტოსთან თანამშრომლობას „ზღუდავს“, რაც მისი შეფასებითვე, "იმედგაცურებას იწვევს".
ამჟამად, მსოფლიოში მხოლოდ ხუთ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ჩინეთში, რუსეთსა და სამხრეთ კორეაშია 20 000 მეგავატზე მეტი ბირთვული სიმძლავრს რეაქტორები დამონტაჟებული.
0 კომენტარი