რუსა მაჩაიძე
„ქართულ ოცნებას“ წლის ბოლოს ისევ ე.წ. აგენტების კანონი „გაახსენდა“ და ამჯერადაც „ხალხის ძალის“ მეშვეობით დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. 12 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა. მის ნათქვამს კი პარლამენტის და მმართველი პარტიის თავმჯდომარეები გამოეხმაურნენ. თუმცა, კობახიძეს და პაპუაშვილს ამის შესახებ საგანგებო განცხადება არ გაუკეთებიათ და მხოლოდ ჟურნალისტებთან სხვა თემებთან ერთად გააკეთეს ამ საკითხზე კომენტარები.
რა თქვა დიმიტრი ხუნდაძემ?
ის აცხადებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.
„ყოველდღიურად არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს და გამჭვირვალე წესებს. ჩვენ არ გვსურს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო დამნაშავედ გამოვიყვანოთ. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში; საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ; ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებასა და აღადგენს ხალხის ნდობას; საჭიროა, შეიქმნას "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგი" - განაცხადა ხუნდაძემ.
ამისთვის კი გამოსავალს ისევ ე.წ. აგენტების კანონში ხედავს და აცხადებს, რომ საჭიროა საქართველოში შეიქმნას „ფარას" ევროპული ეკვივალენტი. აპელირებას კი ევროკავშირზე აკეთებს და ამბობს, ამ კანონს თავად ევროკავშირი იღებს.
„ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემობრუნება თავიდან, ეს არის ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, EPP-ის ინიციატივა და მოკლე განმარტებითი მოწოდების ტექსტი "აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის", „ფარას“, ევროპული ეკვივალენტის შექმნის შესახებ. ეს პრაქტიკულად ამერიკულ-ქართულ-ევროპულ-რუსული კანონი, მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ის რუსულია მხოლოდ საქართველოში. გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო, ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო. მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელიაო. იმასაც ამბობენ, რომ საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო. მათ ხალხის ნდობა სჭირდებათ და ხალხს მეტი ინფორმაცია მათზეო. ეს ყველაფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან თუ კარგად გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ?! ან თუ ვერ გაიგეთ, წაგეკითხათ მაინც და, თუ წაუკითხავად დაგიკვეთეს პროტესტი, მაშინ ახალგაზრდებისთვის მაინც გეცდიათ, რომ 4-გვერდიანი კანონი, რომელიც მხოლოდ 4 პუნქტისგან შედგებოდა, წაეკითხათ და არც მათ დასჭირდებოდათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა ქალაქის ცენტრში. არც იმ წესიერ ხალხს დასჭირდებოდა იმ ღამეს ბრძოლის ველზე ე.წ. სელფების გადაღება და სოციალურ ქსელში მტკიცებულებად განთავსება, რომ თქვენი მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ" - თქვა ხუნდაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხუნდაძის ამ განცხადებასთან მეორე დღეს მედიასთან საუბრისას გამოეხმარა, სადაც კომენტარი ბევრ სხვა თემაზეც გააკეთა. პაპუაშვილის მესიჯიც ხუნდაძის განცხადების იდენტურია - ევროკავშირი იღებს, ჩვენ კი არ მიგვაღებინეს და ცუდი რომ იყოს, თვითონ ხომ არ მიიღებდნენ.
„გარკვეულწილად, ბედის ირონიაა. არის ლათინური გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს - ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. როგორც ჩანს, სამწუხაროა, ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია, ზოგიერთი ქვეყანაც კი, თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ჩვენ, ქართველ ხალხს კი აღგვიქვამს ხარად. აი, ეს არის საბოლოო ჯამში სწორედ ბედის ირონია, რომ ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყნები აინიცირებენ ასეთ კანონებს და მათ შორის, ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იგივე სულისკვეთების და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს. ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობდით ჩვენ და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ის არის ევროკავშირის მოტივაცია, რაც ჩვენ გვქონდა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რა მოტივაცია აქვს მმართველ პარტიას, მან ფაქტობრივად რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:
• მნიშვნელოვანია, ჩანდეს ინტერესები, როცა უცხოური ორგანიზაციების ფული საქართველოში შემოდის, რადგან არც ერთი უცხო ქვეყანა, უცხოური ორგანიზაცია საქართველოს ინტერესით არ მოქმედებს;
• საქართველოში არიან „მულტიმილიონერი ენჯეოები, რომლებიც მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლების ინტერესებით;
• ამიტომ უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, იცოდეს მოსახლეობამ ვისი ინტერესით მოქმედებს და ვის ინტერესს ლობირებს ესა თუ ის ორგანიზაცია.
ის „ბედის ირონიას“ უწოდებს იმას, რომ რა კანონის მიღებასაც მარტში აპირებდა ხელისუფლება, ახლა ეს დირექტივის სახით ევროკავშირის ინიციატივად შეიძლება იქცეს.
„რაც შეეხება თავად ამ პროექტს, ამაშია ბედი ირონია - თქვენ იცით, რომ დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა. დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მერე მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, რომ მივიღოთ. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის განმარტება
„ხალხის ძალის“ განცხადებამ ე.წ. აგენტების კანონის გააქტიურებაზე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივის დაბრუნებას აპირებს, მით უმეტეს, რომ შარშანდლის შემდეგ მმართველი პარტია მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები „მულტიმილიონერი ენჯეოები“ არიან და „ისინი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლების ინტერესებით“ და „მათ დონორებს არ უნდოდათ ამ ფინანსების გასაჯაროება“. ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს პარლამენტის და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხუნდაძის მიერ საკითხის გააქტიურების კომენტარისას.
მეორე მესიჯი კი არის ის, რომ ჩვენ არ მოგვცეს ამ კანონის მიღების საშუალება და ახლა თავად ევროკავშირი იღებს.
„აქ იყო სპეკულაცია. ჩვენთან ინიცირებულ კანონს დაარქვეს "რუსული კანონი" მაშინ, როდესაც ახლა ამ კანონს განიხილავს უშუალოდ ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა. აქედან ჩანს, თუ რამდენად ყალბი იყო ის კამპანია, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ქვეყანაში“ - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 13 დეკემბერს, ხუნდაძის განცხადების კომენტარისას.
თუმცა, მის განცხადებაში, პარლამენტის განცხადებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კობახიძემ თქვა, „ოცნება“ „აგენტების შესახებ კანონის“ თავიდან ინიცირებას არ გეგმავს.
„საქართველოში ყველამ გაიგო ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ფინანსებს ექსტრემიზმისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის“ და „დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მეტად არის შეიარაღებული ინფორმაციით ამ პროცესებთან დაკავშირებით“ - ამბობს ის.
თუკი ირაკლი კობახიძეს დავუჯერებთ, მმართველი პარტია აგენტებთან ბრძოლის სახელით არასამთავრობო სექტორის შევიწროვების კანონის მიღებას აღარ დაუბრუნდება, მაგრამ კარგი გამოცდილება არც კობახიძის ნათქვამების შესრულებაში გვაქვს. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება დემოკრატიის შემზღუდავი კანონების მიღებას ისევ გააგრძელებს, რაც ცხადია, არანაირად არ შედის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებში, რადგან სხვა თუ არაფერი, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და ამის შესახებ ევროსტრუქტურებიდან შარშან, როდესაც ხელისუფლება ამ კანონის მიღებას ცდილობდა, არაერთი განცხადება გაკეთდა. ევროინტეგრაციას მოსახლეობის მხარდამჭერთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და ბოლო გამოკითხვებით თითქმის 90%-ს მიაღწია.
რა კანონს იღებს ევროკავშირი, რაზეც ხელისუფლება აპელირებს?
ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების კანონზე ლაპარაკი განაახლა, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ევროკავშირი ახლა იღებს იგივე კანონს, რომლის მიღების უფლებაც ჩვენ არ მოგვცეს. პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ინიცირებულია „ზუსტად იგივე სულისკვეთების და შინაარსის კანონპროექტი“, კობახიძის განცხადებით კი, ევროპული ინიციატივა „ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებსაც“ მოიცავს.
სწორედ ამიტომ საინტერესოა, რა კანონს იღებს ევროკავშირი და რეალურად მართლა არის თუ არა ამ ორ საკითხის შორის ისეთი ტოლობა, როგორზეც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს.
12 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომლითაც უნდა მოხდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის დაცვა გარე ქვეყნების ჩარევისგან. ამის განსაკუთრებულ საჭიროებას კი ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის ხედავენ, რათა პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.
„დღევანდელი წინადადება წესების ჰარმონიზაციის შესახებ მიზნად ისახავს გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საერთო უმაღლესი დონის უზრუნველყოფას მთელ ევროკავშირში, ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით და ასევე მსგავსი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ახორციელებენ მესამე ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედი სუბიექტები“ - წერია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კი ასეთია:
- ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაევალებათ ე.წ. „გამჭვირვალობის რეესტრის“ შექმნა, სადაც მოხდება ლობისტური საქმიანობით დაკავებული სუბიექტების რეგისტრირება
- საჯარო იქნება ინფორმაციის ძირითადი ნაწილი. მაგალითად, ყოველწლიურად მიღებული თანხები; დაინტერესებული ქვეყნები და საქმიანობის ძირითადი მიზნები.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ევროკავშირისთვის ახალი არ არის და აქამდეც პერიოდულად დგებოდა რეგულირების საჭიროების საკითხი. თუმცა, ამ ინიციატივას ერთგვარი რეაქცია არასოდეს არ მოჰყოლია, რადგან არსებობს შიში, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს ევროპულ ქვეყნებში.
ევროკავშირის ოფიციალური პირები კი საეჭვოს და შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უკავშირდება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ჯერჯერობით ინიციატივაა და გადაწყვეტილი არაფერი არ არის. გადაწყვეტილების მიღებამდე კი ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივა განხილვების მთელ სერიას გაივლის და საბოლოოდ შესაძლოა, არც კი დამტკიცდეს.
ქართული ბეგრაუნდი
როდესაც ე.წ. აგენტების კანონზე ვლაპარაკობთ, ძნელია, საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არ გაგვახსენდეს, მით უმეტეს, რომ შარშანაც ეს საკითხი ჯერ სწორედ „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად გამოყოფილმა „ხალხის ძალამ“ დააყენა, რომელსაც მმართველი პარტია ყოველთვის იყენებს იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები და ინციატივები პირველად მათ გაახმოვანებინოს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც „აგენტების კანონად“ მოიხსენიებდნენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტს ოპოზიცია სრულად, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა და არაერთი მოწოდება და განცხადება იყო გაკეთებული, რომ „ოცნებას“ ეს კანონი არ მიეღო, რადგან პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო დემოკრატიულ პრინციპებთან და ხელს უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას. პროექტის პირველი მოსმენით მიღებას კი საზოგადობის მასობრივი პროტესტი მოჰყვა და ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს კანონპროექტი უკან გაეწვია.