ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, თუ ერთ-ერთი მათგანი შეიარაღებული აგრესიის სამიზნე გახდება. გარკვეულწილად, ეს არის იმ შეთანხმების გაცოცხლება, რომელიც ცივი ომის პერიოდის მოკავშირე ქვეყნებს შორის 1961 წელს დაიდო და რომელიც 1990 წელს გაუქმდა, როდესაც მოსკოვმა სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

შეთანხმება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელსაც 19 ივნისს ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა მოაწერეს ხელი, განიხილება როგორც მოსკოვის მიერ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაბიჯი ბოლო წლების განმავლობაში.

„თუ რომელიმე მხარე აღმოჩნდება შეიარაღებული აგრესიის წინაშე და საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გამოიყენებს ყველა მისთვის ხელმისაწვდომ საშუალებას სამხედრო და სხვა სახის დახმარების აღმოსაჩენად, გაეროს წესდების 51-ე მუხლისა და თითოეული ქვეყნის კანონების შესაბამისად“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში (გაეროს წესდების 51-ე მუხლი ითვალისწინებს წევრი ქვეყნის უფლებას, განახორციელოს ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვითი ქმედებები).

მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ მყოფ ორ ქვეყანას შორის დადებული ეს შეთანხმება შეერთებული შტატებისა და მისი აზიელი მოკავშირეების შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის მზად ბირთვული რუსეთი, მხარი დაუჭიროს ჩრდილოეთ კორეას, ერთადერთ ქვეყანას მსოფლიოში, რომელმაც 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღი გამოსცადა.

კიმ ჩენ ინმა პუტინის ანალოგიური განცხადება გააკეთა და ცალსახად დაუკავშირა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავება დასავლეთისა და კონკრეტულად შეერთებული შტატების „ჰეგემონიურ და იმპერიალისტურ“ პოლიტიკას, რომლის მაგალითად უკრაინის მხარდაჭერა მოიყვანა.

შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ არც ერთი მხარე არ მოაწერს ხელს მესამე ქვეყანასთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც არ შეესაბამება მეორე მხარის ინტერესს და არც დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც დააზიანებს მეორე მხარის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.

მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს „თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ომის თავიდან ასაცილებლად და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია შეთანხმებაში.

იაპონია უკვე გამოეხმაურა მოსკოვსა და ფხენიანს შორის დადებულ ხელშეკრულებას და გამოთქვა სერიოზული შეშფოთება, რომ პუტინის დაპირება არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას.

ჩინეთს, რომელიც ფხენიანის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირეა, კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთსა და ჩრდილოეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო აშშ და სამხრეთ კორეას გამოთქვამენ შეშფოთებას. სეულსა და ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ორი ქვეყანა საერთაშორისო სამართალს არღვევს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად იარაღიდ ვაჭრობს.

რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უარყოფენ იარაღით ვაჭრობას, თუმცა უკრაინის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ თავიანთ ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული რაკეტების ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

კომენტარი ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის დადებული შეთანხმება იმის დასტურია, რომ ავტორიტარული ქვეყნები ერთიანდებიან.

24-წლიანი პაუზის შემდეგ ფხენიანში პირველი ვიზიტისას პუტინმა მადლობა გადაუხადა კიმს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, ხოლო კიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „უპირობო“ და „ურყევი“ მხარდაჭერა „რუსეთის ყველა პოლიტიკის“, მათ შორის უკრაინაში ომის მიმართ.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა შეთანხმების სრული ტექსტი, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, კოსმოსური კვლევის, სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროებში.

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება ანალოგიურია 1961 წლის ხელშეკრულებისა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო და 1990 წლამდე იყო ძალაში, სანამ მოსკოვმა სეულთან არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

ამავე დროს, ჩრდილოკორეელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაეროს წესდებასა და თითოეული ქვეყნის კანონებზე მითითება ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და სულაც არ არის ნათელი, რომ შეთანხმება სამხედრო ალიანსს წარმოადგენს, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კიმს ამ შეთანხმებაში ყველაფრის ჩადება სურს, პუტინი კი ამას ერიდება.

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს ვიეტნამში იწყებს.

ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, სადაც კიმმა კრემლის ლიდერს პომპეზური დახვედრა მოუწყო, ჰანოიში ცერემონია უფრო თავშეკავებული გამოდგა. ამის მიზეზი ის არის, რომ ვიეტნამი ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს და ამავე დროს მაქსიმალურად ნეიტრალურ პოლიტიკას ატარებს.

კერძოდ, ჰანოი ერიდება აშშ-სა და ჩინეთს შორის ერთ-ერთი მხარის არჩევას იმ პირობებში, როდესაც ორი ზესახელმწიფო ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

დღეს ვლადიმირ პუტინი ვიეტნამის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს. მათ შორის იქნება ახლადარჩეული პრეზიდენტი ტო ლამი და მმართველი კომუნისტური პარტიის გავლენიანი გენერალური მდივანი ნგუენ ფუ ჩონგი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *