„თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები და დასავლეთის მიმართ ამგვარი რიტორიკა გაგრძელდება, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ო'ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა სურდა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა წინასწარი კონტაქტი პრემიერ მინისტრთან და სანამ აქ ჩამოვიდოდი გამოვთქვით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი, პრემიერმა კი გვითხრა, რომ ივანიშვილი დე-ფაქტო სანქციების ქვეშაა.  ამ ეტაპზე ის სანქცირებული არ არის და ის, რომ ამდენად გავლენიანი ადამიანი ასე არასწორადაა ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია.

ამ მიზეზით პიროვნების მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ის პირად ინტერესს აყენებს ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ ინტერესზე მაღლა - ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.  სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ საუბარი ამ განხილვის მხოლოდ ერთი მხარეა.

ჩვენ გვსურს, რომ სახალხო დემონსტრაციები იყოს მშვიდობიანი, ასევე პოლიციის ქმედებები იყოს მშვიდობიანი. არ იყოს დაშინება, თავდასხმები ადამიანებზე, მათ საცხოვრებელ სახლებზე და  პირად საკუთრებაზე, რაც უკვე მოხდა ბოლო დღეებში. ამაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული და დასჯილი.

თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები და დასავლეთის მიმართ ამგვარი რიტორიკა გაგრძელდება, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

თუ  ეს კანონი არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან, ეს ძირს გამოუთხრის დემოკრატიას, ხოლო თუ იქნება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ვიხილავთ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია.

ამ ყველაფერს ვამბობ არა იმიტომ, რომ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ მსურს, საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ“, - აცხადებს ჯეიმს ო'ბრაიენი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *