იმ ფონზე, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე მთავარ გამოწვევებს შორის ცოცხალი ძალისა და დასავლური იარაღის მარაგის დეფიციტია,  გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ მიანიშნა, რომ მის წინამორბედ გენერალ ზალუჟნიზე უფრო მკაცრი მიდგომების მიღებას გეგმავს. მისი თქმით, "ახლა მთავარი ამოცანა, ფრონტის ხაზზე როტაციის გაუმჯობესება და ახალი ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებაა". 

”ახალი ამოცანები უკვე დღის წესრიგშია”, - დაწერა სირსკიმ თავის Telegram არხზე. 

მიუხედავად იმისა, რომ 58 წლის გენერალ-პოლკოვნიკმა, ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა, უფრო მეტი დეტალის შესახებ არ ისაუბრა, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ მისი განცხადებები, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანს ემთხვევა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი მიდგომით იბრძოლონ რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ. 

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მეთაურის ცვლილებისას განაცხადა, რომ "გენერალი ზალუჟნი ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის გამო ჩაანაცვლა". 

„გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ სამხრეთის მიმართულებით სტაგნაციის განცდამ და დონეცკის ოლქში ბრძოლებში არსებულმა სირთულეებმა, საზოგადოების განწყობაზე გავლენა იქონია. უკრაინელები გამარჯვებაზე სულ უფრო იშვიათად ლაპარაკობენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც გაწეული სამსახურისთვის, გენერალ ზალუჟნის მადლობა გადაუხადა, ახალ მთავარსარდალს კი, "ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაური" უწოდა. გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი კიევის დაცვისა და ასევე, ხარკოვის გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

უკრაინის ხელისუფლება ასევე იტყობინება, რომ პარასკევს, 90-ზე მეტი რუსული საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათ შორის, 49 საჰაერო თავდასხმა და 52 სარაკეტო დარტყმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. სუმის რაიონში ავიაიერიშის შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *