რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მსოფლიო მედიასა თუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. კრემლის კრიტიკოსმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, სოციალურ ქსელ X-ზე ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებული ის 12 ტყუილი გამოაქვეყნა, რომელიც 2-საათიან ინტერვიუში გააჟღერა. კერძოდ, მიხაილ ხოდორკოვსკი წერს: 

"ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა გახდა, რეალურად კი, რუსეთი ერთ სულ მოსახლეზე მშპ (PPP) ევროპაში 32-ე ადგილზეა. 

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ძველი სიცრუე, რომ თითქოს აშშ-ისგან მიიღო პირობა, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში არ გაფართოვდებოდა. რეალურად კი, მსგავსი შეთანხმება არასოდეს ყოფილა. გორბაჩოვმაც კი თქვა, რომ ქვეყნები ნატოში საკუთარი ნებით გაწევრიანდებიან. თუ პუტინს არ სურდა ნატოს გაფართოება, მას დეკლარირებულად უნდა ეთქვა, რომ ომს ყველა მეზობელს გამოუცხადება. 

პუტინმა უარყო მისი განცხადება, როდესაც თქვა, რომ აშშ-ი რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ფაქტია, მან უკრაინაში შეჭრამდე სამი დღით ადრე განაცხადა, რომ წინასწარ მიიღო ზომები ნატოს ე.წ. თავდასხმის წინააღმდეგ

პუტინის თქმით, მაიდანის პროტესტი ძალადობრივ პროტესტად გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რაიმე ტიპის ძალის გამოყენებაზე უარი თქვა. რეალურად კი, იანუკოვიჩის ბერკუტის სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია მომიტინგეები და 2014 წელს, მისმა სნაიპერებმა, სამ დღეში 76 ადამიანი მოკლეს.

პუტინის განცხადებით, კიევმა დონბასში კონფლიქტი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საჰაერო ძალების გამოყენებით დაიწყო. რეალურად კი, კონფლიქტი დაიწყო 2014 წლის 12 აპრილს, როდესაც FSB-ის ოფიცერი, იგორ გირკინი ქალაქ სლოვიანსკის დასაპყრობად "სეპარატისტებს" ხელმძღვანელობდა. უკრაინამ კი, ავიაცია პირველად 26 მაისს, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში გამოიყენა

ინტერვიუს დასაწყისში, ალტერნატიულ ისტორიაში გავარჯიშებისას, პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ხელოვნური შექმნილი სახელმწიფოა, რომელიც იოსებ სტალინის ინიციატივით შეიქმნა. რეალურად, უკრაინა საბჭოთა კავშირს 1922 წელს, ლენინის მმართველობის პერიოდში შეემატა, უკრაინის სახალხო რესპუბლიკად კი, 1917 წელს გამოცხადდა და ეს მოხდა მანამდე, სანამ სახელმწიფოს ბოლშევიკები ჩაიგდებდნენ ხელში. 


პუტინის თქმით, პოლონეთმა ჰიტლერს "აიძულა" 1939 წელს ომი გამოეცხადებინა. რეალურად, ჰიტლერის გეგმები მოიცავდა პოლონელი სლავებისა და ებრაელების განადგურებას და ტერიტორიაზე გერმანელების დასახლებას. ე.წ. პოლონური პროვოკაცია, რომელიც შეჭრის საბაბად გამოიყენეს, გერმანიის ყალბი დროშა გახლდათ. 

ზელენსკის შესახებ საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ ერთხელ უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ თანამშრომლებდა ის, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შვილი, ნეონაცისტებთან. ზელენსკის მამა 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიბადა. 

პუტინმა თქვა, რომ ნატოს აქვს „ვარიანტები“, უკრაინის ტერიტორიების ანექსია აღიაროს. რეალურად კი, გაერომ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ანექსიები არალეგალურად გამოაცხადა და რომც მოინდომოს, ნატო-ს არ აქვს უფლება ეს გადაწყვეტილება გააპროტესტოს. 


პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინელები „თავს ისევ რუსებად თვლიან“. პუტინს ფუნდამენტურად არასწორად ესმოდა უკრაინელების ეროვნული იდენტობა და ტყუილად სჯეროდა, რომ უკრაინელები თავს რუსებად თვლიდნენ, რაც მისი მთავარი შეცდომა იყო, რამაც უკრაინის ტერიტორიაზე მისი კატასტროფული შეჭრა გამოიწვია. 2022 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 93% დამოუკიდებლობის მომხრეა და მხოლოდ 3% უჭერს მხარს რუსეთს.

პუტინმა თქვა, რომ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აკრძალა. ზელენსკიმ კონკრეტულად პუტინთან მოლაპარაკებებზე თქვა უარი და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის სხვა პრეზიდენტის პირობებში.


მისი თქმით, WSJ-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი რუსული სამხედროების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის შეგროვების გამო დააკავეს. 2017 წლიდან დაპატიმრებამდე, გერშკოვიჩი ჟურნალისტად რუსეთში მუშაობდა. ის უკანონოდაა დაკავებული, რათა შეერთებული შტატები რაიმე ტიპის დათმობას დათანხმდეს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *