რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ამერიკელ ჟურნალისტ, ტაკერ კარლსონთან 2-საათიან ინტერვიუში, თითქმის ერთი საათი დახარჯა წიაღსვლებზე მის მიერ დანახული ისტორიიდან და ისაუბრა რუსეთზე, ლიეტუვაზე, პოლონეთსა და უკრაინაზე მეცხრე საუკუნის ოლეგ წინასწარმეტყველიდან დაწყებული ბოლშევიკი რევოლუციონერი ლენინის კრიტიკის დამთავრებული. ის ცდილობდა, მის მიერ შეფასებული ისტორიული რაკურსიდან აეხსნა, რატომ შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ მიზნით, წინასწარ მომზადებული ფაილებიც წარმოადგინა, რომელიც მისი მტკიცებით "არქივებში შენახული ჩანაწერების ასლია და მის ისტორიულ მონათხრობს ადასტურებს". რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ნარატივი, რომ კიევის მთავრობა "ნეონაცისტებითაა სავსე". აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინი თითქმის ერთი საათი საუბრობდა ქვეყნების საუკუნოვან ისტორიაზე, ვერ შეძლო გაეხსენებინა, როდის ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
რუსეთის პირველი პირი, რომელიც ბუჩაში, ირპანსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სამხედრო დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, ინტერვიუში ღმერთსა და "რუსულ სულზე" საუბარსაც ცდილობდა და თქვა ისიც, რომ "უკრაინაში ისტერიის დასრულების შემდეგ, ადრე თუ გვიან, შეთანხმება შედგება და ორ ერს შორის ურთიერთობა აღდგება". მისივე მტკიცებით, პრეზიდენტ ზელენსკის მიუთითა, რომ კრემლთან ურთიერთობა არ გაეწყვიტა, ახლა კი, "ვაშინგტონის გადასაწყვეტია, შეწყვიტოს უკრაინის იარაღით მომარაგება და დაარწმუნოს კიევი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს". მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო დონბასის უკრაინაში დაბრუნებისთვის და საჭირო იყო იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაგრამ კიევში "საკითხის გადაჭრა სამხედრო ძალის დახმარებით სურდათ". პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რის დამტკიცებასაც 2022 წლამდეც ცდილობდა, რომ მიმდინარე ომი უკრაინამ დაიწყო „რვა წლის განმავლობაში დონბასის დაბომბვით“ და არა რუსეთმა.
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უნდა უთხრათ, გაჩერდეს და მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს“, - განაცხადა პუტინმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება ომის დასრულებაზე მოლაპარაკება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების რუსეთისთვის დათმობის გარეშე, რასაც უკრაინელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების შესახებ, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს და თქვა, „ჩვენ არასოდეს შევთანხმებულვართ, რომ უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს.“ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტს ასევე უთხრა, რომ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი გახდა, თავად ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და თითქოს ნატოში რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობასაც კი განიხილავდა.
ინტერვიუში, სადაც ამერიკელ ჟურნალისტს რუსეთის პრეზიდენტისთვის არ დაუსვამს შეკითხვები მის მიმართ არსებულ უამრავ მძიმე ბრალდებაზე, ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რუსეთში დაკავებულ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩზეც. ტაკერ კარლსონის შეკითხვაზე, გაათავისუფლებს თუ არა რუსეთი გერშკოვიჩს, პუტინმა თქვა, რომ "მოსკოვი ღიაა მოლაპარაკებებისთვის", მაგრამ გაიმეორა, "რეპორტიორს ბრალი ჯაშუშობაში ედება", რასაც გერშკოვიჩი უარყოფს.
„ის დაიჭირეს, როცა ფარულად იღებდა საიდუმლო ინფორმაციას“, - თქვა პუტინმა გერშკოვიჩზე და დასძინა, რომ ის არ გამორიცხავს, რეპორტიორი უახლოეს მომავალში სახლში დაბრუნდეს. "არ არსებობს ტაბუ ამ საკითხის მოგვარების ნაწილში. ჩვენ მზად ვართ ის გადავწყვიტოთ, მაგრამ არის გარკვეული პირობები, რომლებიც სპეცსამსახურებს შორის განიხილება. მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია." მისივე თქმით, რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულის გადაცემას ითხოვს. ხანგოშვილის მკვლელობისთვის კი, რომელიც საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო, გერმანიაში გასამართლებულია ვადიმ კრასიკოვი. გერმანელი მოსამართლეების თქმით, რომლებმაც გაასამართლეს კრასიკოვი, "ის მოქმედებდა რუსეთის ფედერალური ხელისუფლების ბრძანებით, რომლებმაც მიაწოდეს მას ყალბი პირადობა, ყალბი პასპორტი და დარტყმის განხორციელების რესურსები".
ორსაათიან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო ორჯერ ახსენა, პირველად, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის კონტექსტში და მეორედ, უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებზე საუბრისას.
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა, მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, წინააღმდეგი იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა. შემდეგ თქვეს, უკრაინა ნატო-ში არ იქნებაო. მე ვთქვი, ვიცი, რომ 2008 წელს დათანხმდით, მაგრამ რატომ არ დათანხმდებით ამას მომავალში? მათი პასუხი იყო: „მაშინ ისინი გვაიძულებდნენ“. მე ვამბობ, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ისევ არ მოახდენენ შენზე ზეწოლას, და შენ ისევ დამეთანხმები. ეს რაღაც სისულელეა. უბრალოდ, არ მესმის, ვის უნდა ველაპარაკო იქ. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ, მაგრამ ვისთან, სად არის გარანტიები?“ - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ "ევროპულ ქვეყნებზე ჯორჯ ბუშმა მოახდინა ზეწოლა და ისინი იძულებულები გახდნენ, დათანხმებოდნენ".
„უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლთა უმეტესობა პოლონეთიდანაა, მეორე ადგილზე ამერიკელი მებრძოლები არიან, მესამეზე კი, საქართველოდან. თუ ვინმეს აქვს რეგულარული ჯარების გაგზავნის სურვილი, რა თქმა უნდა, ეს კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
0 კომენტარი